მანანა კობახიძე: აშშ შეშფოთებულია, რომ ქვეყნის ყოფილი პირველი პირი დანაშაულთან შემხებლობაშია

2007 წლის 7 ნოემბერს საქართველოში მომხდარი მოვლენების გამო აშშ და მთელი დემოკრატიული მსოფლიო იყო შეშფოთებული და ფაქტი, რომ პრეზიდენტი თურმე შემხებლობაშია დანაშაულთან, რა თქმა უნდა, შეშფოთების საფუძველია, – ამის შესახებ დეპუტატმა მანანა კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების კომენტირებისას განცხადა, რომლის მიხედვითც აშშ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.
მისი თქმით, აშშ შეშფოთებას მიხეილ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემის გამო კი არ გამოთქვამს, არამედ იმის გამო, რომ ქვეყნის პირველი პირი, სავარაუდოდ, დანაშაულს სჩადიოდა.
„აშშ-ის შეშფოთებას უნდა სწორად გაგება. არ არის სასიამოვნო, როდესაც ქვეყნის ყოფილი პირველი პირი, რომელიც 9 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას, იყო არჩეული პრეზიდენტი, ლეგიტიმური ხელისუფალი და აღმოჩნდება, რომ მის ქმედებაში იყი დანაშაულის ნიშნები, რომელმაც პროკურატურა მიიყვანა მიხეილ სააკაშვილის მიმართ პასუხისგებაში მიცემის დადგენილების გამოტანამდე, ბრალის წაყენებამდე. ეს ფაქტი თავისთავად სასიამოვნო არ არის. ამერიკა ჩვენი მეგობარია, პარტიორი ქვეყანაა და ისინი მხარს უჭერდნენ არა მიხეილ სააკაშვილს როგორც პერსონას, არამედ საქათველოს, ქართველ ხალხს, ამიტომ, ბუნებრივია, ეს ისეთი მოვლენაა, რომელიც არ შეიძლება ყურადღების მიღმა დარჩეს, ბუნებრივია, გარკვეული წუხილი არის იმის გამო, რომ ყოფილი პრეზიდენტი მისი თანმდებობაზე ყოფნის პერიოდში, სავარაუდოდ, ჩადენილი დანაშაულიდან ხდება ბრალდებული. ამის გამო შეიძლება იყო შეშფოთებული.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არ ნიშნავს, რომ რატომ წაუყენეთ ბრალი სააკაშვილს. ამერიკის ოფიციალურ წარმომადგენლობას ამის თქმა რომ უნდოდეს, პირდაპირი ტექსტით იტყოდნენ, რომ დაუშვებელია ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ბრალის წაყენება, პასუხისგებაში მიცემა, ან მისი დასჯა დანაშაულისთვის. ასეთი ტექსტები არავის გაუჟღერებია.
2007 წელს აშშ და მთელი დემოკრატიული მსოფლიო შეშფოთებული იყო იმით, რაც მოხდა და ფაქტი, რომ პრეზიდენტი თურმე შემხებლობაშია დანაშაულთან, რა თქმა უნდა, არის შეშფოთების საფუძველი. რა თქმა უნდა, ვეთანხმებით პარტიონორებს, რომ სასამართლო სამსართლიანი უნდა იყოს, პოლიტიკური დევნა არ უნდა იყოს“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა.
“ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებით. კანონის უზენაესობის დაცვა ნიშნავს ორივეს: დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს და სამართლებრივი სისტემა არ უნდა იყოს გამოყენებული, როგორც პოლიტიკური იარაღი. ჩვენ ვაკვირდებით ამას და სხვა მსგავს საქმეებს და განვაგრძობთ საქართველოს ოფიციალური პირებისთვის კანონის უზენაესობის მკაცრად დაცვის მნიშვნელობის ხაზგასმას”, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები