„ახალგაზრდა ადვოკატები“: გამოვდივართ წინადადებით, სახელმწიფომ და ეკლესიამ უკრაინელი ობოლი, ნაპოვნი ან მიტოვებული ბავშვები მინდობით აღზრდაში მიიღონ

ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატები“ გამოდის წინადადებით, სახელმწიფომ და ეკლესიამ უკრაინელი ობოლი, ნაპოვნი ან მიტოვებული ბავშვები მინდობით აღზრდაში მიიღონ.

ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის იურისტმა, ლიზა ზუხბაიამ განაცხადა.

” ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს წინადადებით მიმართავს, საქართველომ ჰუმანიტარული სამართლითა და ბავშვთა უფლებების შესახებ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული ვალდებულებები შეასრულოს, პოლიტიკური და სამართლებრივი ღონისძიებები განახორციელოს, აიღოს პასუხისმგებლობა, მინდობით აღზრდაში მიიღოს უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების შედეგად ობლად დარჩენილი, ნაპოვნი ან მიტოვებული ბავშვები, ასევე, განსხვავებული საჭიროების მქონე არასრულწლოვნები.

ამასთან, სახელმწიფოსთან ერთად, საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღოს ასეთი ბავშვების ფსიქო-ემოციური მუშაობისა და რეაბილიტაციის ღონისძიებების განხორციელებისათვის”, – განაცხადა ზუხბაიამ.

მისი განმარტებით, არასრულწლოვნის შვილად აყვანა რთულ პროცედურებთანაა დაკავშირებული, რომელიც „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგულირდება.

„რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ საომარ მოქმედებებს მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება, მათ შორის, ომმა 100-ზე მეტი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. ომის დანაშაულების პარალელურად, საზოგადოებრივ პლატფორმებზე სულ უფრო აქტიურად ვრცელდება განცხადება უკრაინელი არასრულწლოვნების შვილად აყვანის თაობაზე. საკითხით დაინტერესებულთა რიცხვი საკმაოდ მაღალია, რის შედეგადაც უკვე საქართველოს არაერთი მოქალაქე სწორ განმარტებებსა და ქმედითი ნაბიჯის გადადგმას მოითხოვს.

ორგანიზაცია სწორედ დაფიქსირებული საზოგადოებრივი შეხედულებების შესაძლებლობების პრაქტიკულ მდგომარეობაზე აკეთებს აქცენტს და განმარტავს, რომ არასრულწლოვნის შვილად აყვანა დაკავშირებულია რთულ პროცედურებთან, რომელიც რეგულირდება „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. იმისათვის, რომ შვილად აყვანა საქართველოს მოქალაქემ კანონიერად შეძლოს, მნიშვნელოვანია, იგი ინფორმირებული იყოს შვილად აყვანის/მინდობით აღზრდის კანონმდებლობით დადგენილ წესზე, პირობებზე და მოსალოდნელ შედეგებზე”, – განაცხადა იურისტმა.

მისი თქმით, საკითხის განხილვის პროცესში ორი სამართლებრივი გარემოებაა მხედველობაში მისაღები: პირველი – უკრაინის სახელმწიფომ საომარი მდგომარეობის გათვალისწინებით, გაშვილების პროცედურების შეჩერებაზე გადაწყვეტილება მიიღო. მეორე გარემოება კი შეეხება იმ ფაქტს, რომ უკრაინა “ბავშვთა დაცვისა და ბავშვთა საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფო არ არის.

“სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით, საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოში შეუძლებელი ხდება საერთაშორისო შვილად აყვანის პროცედურების განხორციელება, კერძოდ, უკრაინელი ბავშვების შვილად აყვანა. მაგრამ, კანონის და დამატებითი სამართლებრივი პროცედურების წარმოების შემთხვევაში, შესაძლებელი ხდება მინდობით აღზრდის ინსტიტუტის ამოქმედება, სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო შვილად აყვანის სფეროში თანამშრომლობა უკრაინასთან, რომელიც ჰააგის კონვენციის მონაწილე არ არის, შესაბამის ორგანოსთან ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება და საბრძოლო მოქმედებების შედეგად ობოლი, ნაპოვნი ან მიტოვებული ბავშვების, განსხვავებული საჭიროების მქონე არასრულწლოვნების საქართველოს სახელმწიფოს მიერ მინდობით აღზრდაში მიღება. (იხ. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 მუხლი).

ასეთ შემთხვევაში, არასრულწლოვნების ბედზე პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფო, ხოლო მათ ზრუნვაში შემოდიან კერძო ოჯახები”, – განაცხადა იურისტმა.

მისივე თქმით, მინდობით აღზრდის პროცესში მნიშვნელოვანია, აქტიური მონაწილეობა საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მიიღოს.

“მინდობით აღზრდა ვინაიდან სახელმწიფო ზრუნვის ფორმაა, რაც მიახლოებულია ოჯახურ ზრუნვასთან, მიზნად მინდობით აღსაზრდელის მოვლასა და აღზრდას ისახავს, ხორციელდება სახელმწიფოსა და მინდობით აღმზრდელს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ამ ნაწილში მნიშვნელოვანია, სახელმწიფოსა და კერძო პირს შორის მინდობით აღზრდაზე გაფორმებული ხელშეკრულება სახელმწიფოს ფინანსური ვალდებულებებისგან გათავისუფლდეს და ხარჯებზე პასუხისმგებელი თავად მიმღები ოჯახი გახდეს.

ამასთან, საქართველომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მინდობით აღზრდაში მიიღოს უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების შედეგად ობოლი, ნაპოვნი ან მიტოვებული ბავშვები, რომელთა შესახებ ინფორმაციას უკრაინის კომპეტენტური ორგანოები ფლობენ. აგრეთვე, შეთავაზება უნდა გაკეთდეს განსხვავებული საჭიროების მქონე არასრულწლოვნების მიმართ, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის , ჯანმრთელობის პრობლემების ან/და ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვები არიან და სპეციფიკური ზრუნვა ესაჭიროებათ. ასეთი ჯგუფი ოფიციალურად რეგისტრირებულია უკრაინის შესაბამისს ორგანოში. მინდობით აღზრდის პროცესში სახელმწიფოსთან ერთად მნიშვნელოვანია, აქტიური მონაწილეობა საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მიიღოს . ცხადია, ასეთ ბავშვებთან უნდა განხორციელდეს ფსიქო-ემოციური მუშაობა და რეაბილიტაციის ღონისძიებები, რომლის რესურსი ჩვენს ეკლესიას გააჩნია.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ აზრით, მინდობით აღზრდის ინსტიტუტს უკრაინელი ბავშვების მიღების მიზნებისთვის, შესაძლებელია, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალ დებულებებში საკანონმდებლო ხასიათის ცვლილებები დასჭირდეს და ამ პროცესში, საქართველოს პარლამენტის მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია.

როგორც წესი, ბავშვის მინდობით აღზრდის თაობაზე მიღებული ნებისმიერ გადაწყვეტილება უნდა ემსახურებოდეს მისთვის ისეთი სტაბილური ოჯახური გარემოს შექმნას, რომელიც ეფუძნება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, აღემატება მინდობით აღზრდის მიზნით გადაცემისთვის სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს და რომელშიც ბავშვს ექნება იმაზე უკეთესი პირობები და განვითარების შესაძლებლობები, რომლებიც შვილად აყვანამდე  ან მინდობით აღზრდამდე ჰქონდა.

ამასთან, მიმღები ოჯახები უნდა ითვალისწინებდნენ იმ საერთაშორისო ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას, რომელიც მათ ეროვნული, თუ საერთაშორისო კანონმდებლობის საფუძველზე დაეკისრებათ. კერძოდ, სრულად უზრუნველყონ ბავშვის საცხოვრისი, კვება, განათლება, კულტურული ინტეგრაცია. ის, რაც აუცილებელი და საჭიროა ბავშვის სტაბილური განვითარებისათვის”, – განაცხადა იურისტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები