გიორგი ხელაშვილი: პასუხისმგებლიან პოლიტიკოსებს მოგიწოდებთ, ნუ აჰყვებით „ნაცმოძრაობას“
“პასუხისმგებლიან პოლიტიკოსებს მოგიწოდებთ, ნუ აჰყვებით „ნაციონალურ მოძრობას“ და ნუ დაიწყებთ ნეიტრალიტეტის ზონდირებას საქართველოში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კონსტიტუციით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც აპირებს ნატო-ში გაწევრიანებას, ამიტომ, ნეიტრალიტეტზე საუბარი ვერ იქნება.
„რამდენიმე დღის წინ ყოფილმა პრეზიდენტმა, სააკაშვილმა თავის გამოსვლაში ახსენა სიტყვა ნეიტრალიტეტი. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან საშიში რამ. ეს არის აშკარად შემოგდებული ქვეყნის გარედან იმისთვის, რომ საქართველოში დაიწყოს ამ ძალიან საშიში თემის განხილვა.
პასუხისმგებლიან პოლიტიკოსებს მოგიწოდებთ, ნუ აჰყვებით „ნაციონალურ მოძრობას“ და ნუ დაიწყებთ ნეიტრალიტეტის ზონდირებას საქართველოში. კონსტიტუციით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც აპირებს ნატო-ში გაწევრიანებას, ამიტომ, ნეიტრალიტეტზე საუბარი უბრალოდ ვერ იქნება.
სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ხდება ნეიტრალიტეტის თემის ზონდირება, სავარაუდოდ, რუსეთიდან პირდაპირ მითითებით. მოგიწოდებთ, ამ თემას ნუ აჰყვებით, ეს არის ქვეყნისთვის ძალიან საშიში, იურიდიულად ეს არის ფიქსირებული ჩვენს კანონმდებლობაში, კონსტიტუციაში და საქართველო იყო, არის და დარჩება პროდასავლურ ქვეყნად“, – აღნიშნა გიორგი ხელაშვილმა.