სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით მარნეულში იმყოფებოდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით მარნეულში იმყოფებოდა, -ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა აზერბაიჯანული ტრადიციული ეთნო კუთხე დაათვალიერა და საქართველოს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცა.
„ჩვენი ქვეყნის აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს გულითადად ვულოცავ ნოვრუზ ბაირამს. ეს არის შესანიშნავი დღესასწაული, რომელიც სიცოცხლის განახლებასთან ერთად, არის უკეთესი მომავლის რწმენის სიმბოლო.
ნოვრუზის დღესასწაული ჩვენი მრავალეთნიკური ქვეყნის, საქართველოს კულტურის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში აღნიშვნის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, რაც ხაზს უსვამს კულტურათაშორისი დიალოგის განვითარების მნიშვნელობას და ამავდროულად ცხადჰყოფს საქართველოს ხელისუფლების მის მიმართ მხარდაჭერას. კიდევ ერთხელ, თითოეულ მოქალაქეს, რომელიც დღეს ნოვრუზ ბაირამს ზეიმობს, ვულოცავ და ვუსურვებ პირველ რიგში მშვიდობას, წინსვლას და წარმატებებს მათი ოჯახების და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ! მშვიდობაზე საუბრისას, აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ მის უზრუნველყოფას, მშვიდობის დაცვას და შენარჩუნებას, განსაკუთრებით დღესდღეობით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რაც მთელი სიძლიერით და ნათლად აისახება გლობალურად, განსაკუთრებით უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე; რაც ჩვენ განვიცადეთ ჩვენ ქვეყანაში 2008 წელს და დღემდე განვიცდით ოკუპაციის მძიმე შედეგებს.
ამით რა თქმა უნდა, მინდა ხაზი გავუსვა ხაზი მშვიდობის დაცვის მნიშვნელობას და ამავდროულად ნოვრუზის, როგორც სიკეთისა და მშვიდობის დღესასწაულზე, ვისურვო, რომ მალე დასრულდეს უსამართლობა და ადამიანების განუზომელი ტკივილი, რომელიც უკავშირდება ომსა და ოკუპაციას. დავიცვათ მშვიდობა ერთად, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი მრავალრელიგიური, მრავალკულტურული, მრავალეთნიკური საზოგადოება, რომელიც ჩვენ ქვეყანაში საუკუნეების მანძილზე ემყარება ურთიერთპატივისცემას, სიყვარულს და მეგობრულ თანაცხოვრებას,”- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.