დიმიტრი ხუნდაძე: ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტად კვლავაც რჩება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან არსებული ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე 2022–2030 წლებში ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია და 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა განიხილეს.
„ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტად კვლავაც რჩება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. საკმაოდ ვრცელი გზა გავიარეთ მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა. განვახორციელეთ საკმაოდ მსხვილმასშტაბიანი რეფორმები, რომელთაგან აღსანიშნავია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. ვფიქრობ, ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ დარგი არის სწრაფად განვითარებადი, ასეთი მასშტაბის რეფორმებს სჭირდება განახლება. ამ კუთხით მნიშვნელოვანი მიმართულებებია ჯანდაცვის სექტორის მმართველობის გაძლიერება, რადგან ეს ეხება პრაქტიკულად მოსახლეობის სრულ შემადგენლობას და არა მის რომელიმე სეგმენტს.
ბიუჯეტის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ხომ სწორედ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე იხარჯება. ასევე, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორში ადამიანის რესურსების განვითარება და საკადრო პოლიტიკის სწორად წარმართვა. კოვიდ პანდემიის დროს, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ეს მიმართულება აშკარად გადახედვას და სრულყოფას მოითხოვს. ასევე, მნიშვნელოვანია მედიკამენტების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის კუთხით გარკვეული ჩარევები. მნიშვნელოვანია პრემიერის ინიციატივა თურქული ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით, სახეზე უკვე გვაქვს მედიკამენტების ფასების კლება. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ჯიბიდან დანახარჯების უდიდესი ნაწილი სწორედ მედიკამენტებზე მოდის”, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.
„ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022–2030 წლებისთვის” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ევროკავშირის საჯარო მმართველობის რეფორმის პროექტის ხელშეწყობით მოამზადა და მას თან ახლავს დეტალური სამწლიანი სამოქმედო გეგმა. აღნიშნული დოკუმენტების პრეზენტაცია სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ გააკეთა.
„2013 წლიდან, როდესაც საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება ქვეყნის მოსახლეობისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განვითარებაზე, ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობა არსებითად გაუმჯობესდა. ამ მიმართულებით მუშაობა მთელი ამ წლების განმავლობაში ინტენსიურად გრძელდებოდა, თუმცა, ვუახლოვდებით 2030 წლის ვალდებულებების შესრულების პერიოდს, როდესაც უკვე გლობალური საზოგადოება შეაფასებს ქვეყნების პროგრესს იმ მიმართულებით, თუ რა ეტაპზე არის ქვეყანაში ჯანდაცვაზე, ასევე ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა და რამდენად დაცულია მოსახლეობა ავადმყოფობასთან დაკავშირებული ფინანსური რისკებისგან. აქედან გამომდინარე, სტრატეგიის გეგმა, მთავარი ხედვა გახლავთ საქართველოს მოსახლეობის უზრუნველყოფა ხარისხიანი და საჭიროებაზე მორგებული ჯანდაცვის სერვისებით იმგვარად, რომ მოსახლეობა იყოს დაცული ჯანმრთელობის რისკების აღმოცენების შემთხვევაში და არ დადგეს ფინანსური რისკების წინაშე, არ გამოიწვიოს მისი გაღარიბება”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, სტრატეგიის მთავარ მიზანს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ჯანდაცვის სერვისებზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის და ფინანსური ტვირთის თანაბარი გადანაწილება წარმოადგენს, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ ჯანმრთელობის შედეგებიც და ასევე, ფინანსური დანახარჯებიც იყოს რაციონალური. მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ დოკუმენტით განსაზღვრული სტრატეგიული პრიორიტეტები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს თანხვდება, რათა ქვეყანამ საბოლოოდ გამართული ჯანდაცვის სისტემა მიიღოს. ეს მიმართულებებია: ჯანდაცვის სექტორის მმართველობის გაძლიერება; ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის სამართლიანობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება; ჯანდაცვის სექტორში ადამიანური რესურსების განვითარება; მაღალი ხარისხის, ეფექტიან და უსაფრთხო მედიკამენტებსა და სამედიცინო დანიშნულების პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ჯანდაცვის მართვის საინფორმაციო სისტემის გაძლიერება; ჯანდაცვის სერვისების გაძლიერება და ხარისხის გაუმჯობესება; საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებისადმი მზადყოფნისა და რეაგირების გაუმჯობესება. სტრატეგიის და გეგმის ირგვლივ დისკუსია გაიმართა და გამოითქვა წინადადებები და შენიშვნები, რომლებზეც მომხსენებლის ინფორმაციით, მუშაობა გაგრძელდება.
საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის სილვიო დომენტესის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჯანმრთელობა ქვეყანაში ნამდვილად პრიორიტეტი ხდება და ამის დასტური სწორედ აღნიშნული სტრატეგიის მომზადებაა. მან იმედი გამოთქვა, რომ სტრატეგია რეალურად განხორციელდება და თავის მხრივ, ჯანმოს სახელით, გამოთქვა მზადყოფნა მის განხორციელებაში ქვეყანას დახმარება გაუწიონ. სხდომის შედეგების შეფასებისას, როგორც დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, სტრატეგიის იმპლემენტაციის პროცესში მნიშვნელოვანი იქნება პარლამენტის ჩართულობა, ვინაიდან სისტემის გაჯანსაღებას და სრულყოფას საკანონმდებლო უზრუნველყოფა, სისტემური, სიღრმისეული ცვლილებები სჭირდება. კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, სტრატეგიით განსაზღვრული გეგმები რომ აღსრულებადი იყოს, საკანონმდებლო ბაზის განახლებაა საჭირო და ამ მიმართულებით კომიტეტს მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, პროფესიული ასოციაციების, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და დაინტერესებული პირები.