საქართველოს მთავრობამ „ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე ზედამხედველობის წესის შესახებ“ დადგენილება დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ „ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე ზედამხედველობის წესის შესახებ“ დადგენილება დაამტკიცა.
აღნიშნული დადგენილება „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის მიხედვით დამტკიცდა.
ქარსაფარი ზოლის აღდგენა და გაშენება სამეურნეო ღონისძიებათა ერთობლიობას წარმოადგენს და მიზნად ისახავს ქარსაფარი ზოლების ფუნქციური დანიშნულების შესრულებისა და სრულყოფა-გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად ამორტიზებული ქარსაფარი ზოლების აღდგენას ან/და ახალი ქარსაფარი ზოლების გაშენებას. ქარსაფარი ზოლების აღდგენა და გაშენება განხორციელდება გეგმის საფუძველზე, რომელსაც ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის ან/და სპეციალური მოკვლევის შედეგების გათვალისწინებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაამტკიცებს.
ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებული იქნება კონკრეტული მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი ქარების სიძლიერე, მათ მიმართ მდგრადი ხეების სახეობები, გაშენების მეთოდები და სხვა ღონისძიებები. აღნიშნული წესები ასევე არეგულირებს ქარსაფარი ზოლის მოვლისა და დაცვის ღონისძიებებს.
დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების ერთობლიობა ხელს შეუწყობს ნიადაგის ქარისმიერი ეროზიისგან დაცვას და მისი ნაყოფიერების შენარჩუნებას, სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის შესაბამისი ნიადაგური და მიკროკლიმატური გარემოს უზრუნველყოფას.