GORBI: გამოკითხულთა 75,9% ეთანხმება, რომ რუსეთთან ომი საქართველოს ისეთივე მძიმე ზიანს მიაყენებს, როგორც უკრაინას

„გორბის”  მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით,  გამოკითხულთა 75,9 პროცენტი ეთანხმება მსჯელობას, რომ საქართველო არ უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან რუსეთთან ომი საქართველოს ისეთივე მძიმე ზიანს მიაყენებს, როგორც უკრაინას. აღნიშნულს არ ეთანხმება – 20 პროცენტი. 4,1% კი ამბობს, რომ არ იცის.

პოზიციას, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან არსებულ ვითარებაში გვაქვს რუსული ჯარის დამარცხებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების შესაძლებლობა – ეთანხმება გამოკითხულთა მხოლოდ 22, 7 პროცენტი, არ ეთანხმება 71 პროცენტი და 6,3% პასუხობს, რომ არ იცის.

გამოკითხულთა პოლიტიკური გემოვნების გათვალისწინებით, იმ რესპონდენტებს შორის, ვინც ეთანხმება პოზიციას, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან არსებულ ვითარებაში გვაქვს რუსული ჯარის დამარცხებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების შესაძლებლობა – „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია 14 %, „ნაციონალური მოძრაობის“ კი – 53%.

კვლევა „ტელეიმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ 10-16 მარტს ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1 008 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარია +/- 3 %-ია.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები