ზამთარი დასრულდა – დროა, ჩვენს გარე ავეჯს გადავხედოთ
უკვე გაზაფხულია. მალე დათბება და სახლში თბილად მოკალეთებულნი საკუთარ ეზოებში და აივნებზე გამოვალთ. ამ დროს მნიშვნელოვანია, ჩვენი ავეჯი ჩვენი განწყობის შესაფერისი იყოს. ავეჯი, რომელზეც ჩამოვსხდებით, ჰაერს ხარბად ჩავისუნთქავთ და საღამოს მონატრებულ მეგობრებსაც ვუმასპინძლებთ. ან შესაძლოა, სულაც, ჩვენი ბიზნესი გვაქვს – კაფე, რესტორანი ან მსგავსი დაწესებულება, სადაც თავს უამრავი ადამიანი იყრის, რომელთაც ასევე ენატრებათ გარეთ, სუფთა ჰაერზე კომფორტულად მოკალათება, გემრიელი სასმლის დაგემოვნება და ერთმანეთთან საუბარი.
მოკლედ, ასეა თუ ისე, მოცემულობა არ იცვლება: ჩვენ გვჭირდება გარე ავეჯი, თანაც, ზუსტად ისეთი, როგორიც გვსურს.
სწორედ ამ დროს ერთვება საქმეში ნანიკო ქავთარაძე, რომელმაც ჩვენი და ჩვენი სტუმრების იდილია უნდა შექმნას.
მოდი, თავიდან დავიწყოთ.
–რას ნიშნავს გარე ავეჯი რა შეიძლება მოვიაზროთ ამ ტერმინში?
(ნანიკო ქავთარაძე, კომპანია „ნანიკო ქავთარას“ დამფუძნებელი)
-გარე ავეჯი არის ავეჯის ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი, კომფორტული და მოთხოვნადი სახეობა აივნებისთვის, ტერასებისთვის, რესტორნებისთვის, კაფე-ბარებისთვის, გასართობი დღის ცენტრებისთვის ან, უბრალოდ, ეზოში დასადებად. გარე ავეჯი შეიძლება იყოს აწყობილი ნებისმიერ სასურველ კონსტრუქციაზე და შეფუთული ისეთი ნაჭრით, რომელიც არ სველდება, გამძლეა და სინესტეს კარგად იტანს. ის შეიძლება დამზადდეს როგორც ნატურალური ტყავით, რომელიც ასევე იტანს აღნიშნულ გარემო პირობებს, ისე – ხელოვნური ტყავით, რომელსაც დერმატინს ვუწოდებთ.
რაც შეეხება საფუძველს, კონსტრუქციის გარდა, ეს შესაძლოა იყოს რბილი პენოპლასტი, რომელსაც პუფის სახეს მივცემთ. გარე ავეჯის შესაქმნელად შესაძლოა გამოვიყენოთ, უბრალოდ, ბალიშებიც კი. ყველაფერი კონკრეტული მოთხოვნის მიხედვით განისაზღვრება – თუ რისთვის და როგორ სურს მისი გამოყენება მომავალ მფლობელს.
–რამდენად აქტუალურია გარე ავეჯის კულტურა საქართველოში?
-გარე ავეჯს საქართველოშიც ძალიან ხშირად იყენებენ, რადგან ჩვენი კლიმატი ამის შესაძლებლობას გვაძლევს. ჩვენთან, გაზაფხულიდან შემოდგომამდე, ფაქტობრივად, ყოველდღიურად შეგვიძლია მისი გამოყენება. ასე რომ, თუ ადამიანი გარე ავეჯის დამზადებას ან შეძენას გადაწყვეტს, ფუნქციას აუცილებლად მოუძებნის. სხვათა შორის, ეს მიმართულება განსაკუთრებით პოპულარულია ზღვისპირა ქალაქებში, სადაც ადამიანები დასასვენებლად არა მხოლოდ სხვა ქალაქებიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც ჩადიან.
–თქვენი გამოცდილებით, რა ტიპის გარე ავეჯს ანიჭებს უპირატესობას ქართველი მომხმარებელი?
-ალბათ, უკვე 10 წელია, რაც პოპულარობას არ კარგავს ე.წ. პადონებისგან დამზადებული ავეჯი. ის მარტივად გასაკეთებელია და მისი დამზადება მეტ-ნაკლებად იმასაც შეუძლია, ვინც ამ საქმის სპეციალისტი არ არის. ამასთანავე, პადონებით დამზადებული ავეჯი საკმაოდ ლამაზი და კომფორტულია. გარდა ამისა, დიდი პოპულარობით სარგებლობს ე.წ. ბუდე ჰამაკები. ქართულ ბაზარზე სწორედ ეს ორი სახეობა ლიდერობს. საკმაოდ მოთხოვნადია, ასევე, დაწნული ავეჯი, რომლის მომხმარებელთა რიცხვიც უფრო და უფრო იზრდება.
–რა ტიპის გარე ავეჯის შეთავაზება შეგიძლიათ თქვენ მომხმარებლებისთვის?
-„ნანიკო ქავთარას“ არსებობის განმავლობაში, ძალიან დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა, რისი წყალობითაც, ჩვენ შეგვიძლია მომხმარებელს ნებისმიერი ფორმის, ზომისა და შინაარსის გარე ავეჯი დავუმზადოთ; მივყვეთ მათ მოთხოვნებს იქამდე, სადამდეც მათი ფანტაზია გასწვდება.
ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ მაღალ ხარისხსა და კომფორტულ, თანამედროვე დიზაინს. ვაკეთებთ დარბილებულ ჟურნალის მაგიდებს, რომელთა გამოყენებაც არა მხოლოდ ცალკე, არამედ პუფებთან ერთადაც იდეალურად შეიძლება. ვქმნით სავარძლებს კაფე-ბარებისთვის, ჰამაკს, ტენტებს… ვმუშაობთ პადონების დარბილებაზეც.
ჩვენთან ხშირად მოდიან ადამიანები, რომელთაც აქვთ, უბრალოდ, ხის ან რკინის კონსტრუქცია, რომლის დარბილება და ავეჯად ქცევა უნდათ. თითოეულ განსხვავებულ შეკვეთას ინდივიდუალურად ვუდგებით და ვიღებთ ისეთ პროექტებს, რომლებზეც სხვები უარს ამბობენ. ეს ჩვენს რეპუტაციაზე ძალიან კარგად მოქმედებს.
ჩვენ არა მხოლოდ ნულიდან ვქმნით ავეჯის დიზაინს და ვაძლევთ მას სრულყოფილ სახეს, არამედ ვმუშაობთ არსებული ავეჯის გადაკეთებაზეც. ზოგჯერ ხდება ისეც, რომ მომხმარებელს უკვე აქვს დამზადებული ავეჯი, რომელიც მის სურვილებს მაინც და მაინც ვერ მოერგო და სათანადო გამოყენება ვერ მოუძებნა. მე და ჩემი გუნდი ვეხმარებით მათ, არსებული არასასურველი ავეჯი იდეალურად აქციონ.
–როგორც ვიცი, გაქვთ სპეციალური მომსახურება კომპანიებისთვის. რას გულისხმობს ეს შეთავაზება?
-როდესაც კომპანიები გარკვეულ ობიექტს აშენებენ ან მის მოწყობას გადაწყვეტენ, ხშირ შემთხვევაში, ვერ ნახულობენ საჭირო მზა ავეჯს. ზოგი მათგანი ძალიან ვიწროა, ზოგი- ზედმეტად განიერი. მათ კი სურთ მათ საჭიროებებზე მორგებული ზომისა და ფორმის ავეჯი, რომელიც, მაგალითად, ახალ აშენებულ ან, თუნდაც, არსებულ შენობაში გაყვანილობებს, რკინებს, მილებსა და მსგავსი ტიპის „უცხო სხეულებს“ დაფარავს და რაღაც გაურკვეველ კონსტრუქციებს ერთიან კონტექსტში მოაქცევს. ჩვენ უზრუნველვყოფთ, ობიექტის მშენებლობისას ან მისი მოწყობისას დაშვებული შეცდომები დაწესებულებების სტუმრებისთვის ვიზუალურად უსიამოვნო კი არ იყოს, არამედ ლამაზად შეიფუთოს და დაიფაროს ჩვენი ავეჯით ან, საერთოდაც, იდეალურად შეერწყას მას.