გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) და ეუთოს (OSCE) ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) და ეუთოს (OSCE) ორგანიზებით გაიმართა ონლაინ შეხვედრა თემაზე: “კრიპტოვალუტის რეგულირება და შესაძლებლობების გაზრდა ეუთოს რეგიონში ონლაინ ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში”, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, გაეროს წევრი ქვეყნების კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განიხილეს ნარკოტიკებით ვაჭრობაში და ფულის გათეთრებაში კრიპტოვალუტის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები და გამოწვევები. ასევე, საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, რომლებიც კრიპტოვალუტის მოძიებისა და დაყადაღების თვალსაზრისით არსებულ წარმატებულ პრაქტიკას ასახავს.

ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გამომძიებლებისა და პროკურორების სპეციალიზაციას დანაშაულებრივი საქმიანობის პროცესში, კრიპტოვალუტის გამოვლენის და შემდგომი ჩამორთმევის მიმართულებით. შესაბამისად, პარტნიორი ორგანიზაციებისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურა აქტიურად ახორციელებს გამომძიებლებისა და პროკურორების გადამზადებას. ახლო მომავალში იგეგმება კრიპტოვალუტის მოძიება-დაყადაღების საკითხებზე სპეციალური სახელმძღვანელო დოკუმენტის გამოცემაც. – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები