სალომე სამადაშვილი: მაინტერესებს, რა სტრატეგია აქვს გომელაურის სამინისტროს უსაფრთხოების იმ გამოწვევების ფონზე, რაც ქვეყანას აქვს

“მაინტერესებს, რა სტრატეგია აქვს გომელაურის სამინისტროს უსაფრთხოების იმ გამოწვევების ფონზე, რაც ქვეყანას აქვს”, – ამის შესახებ „ლელოს” წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შს მინისტრთან ბევრი კითხვები აქვს.

“ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან გააქტიურდა “ალტ-ინფო” და, ფაქტობრივად, მუქარის ენაზე გადავიდა, ემუქრება კონკრეტულ მოქალაქეებს, მათ შორის, აქტივისტებს. მე მაინტერესებს, შს სამინისტროს რა ხედვა აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, უნდა ჰქონდეს თუ არა სახელმწიფოს რაიმე სტრატეგია, რომ აღკვეთოს პროპაგანდისტული ოპერაციები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით, როცა ეს ოპერაციები სცდება მხოლოდ საინფორმაციო ომს და, ფაქტობრივად, ფიზიკური თავდასხმებით ემუქრებიან კონკრეტულ მოქალაქეებს. ასევე, მაინტერესებს, რომ შსს-მ განგვიმარტოს, რა არის “ქართული ოცნების” სტრატეგია იმასთან დაკავშირებით, რომ გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში 25000-მდე ადამიანი ჩამოვიდა საქართველოში. მე მოვითხოვე სტატისტიკა შს სამინისტროსგან და დღემდე პასუხი არ გასცეს ჩემს სადეპუტატო შეკითხვას. ამიტომ, რადგან პასუხი ვერ მივიღე უწყებიდან, მინისტრს მოვთხოვ პასუხს ამ შეკითხვაზე, რა რაოდენობით გაიზარდა რუსეთის მოქალაქეების ნაკადები ჩვენს ქვეყანაში, რამდენად წარმოადგენს ეს უსაფრთხოების გამოწვევას და რა სტრატეგია აქვს შსს-ს ამაზე. გვექნება ბევრი შეკითხვა გამოუძიებელ საქმეებთან, 5 ივლისის ძალადობის ფაქტებზე, რასაც მოჰყვა ადამიანური მსხვერპლი და ბევრ სხვა გამოწვევაზე, რომელიც დგას ქვეყნის და საზოგადოების წინაშე”, – განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტში დღეს, “მინისტრის საათის” ფორმატში, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები