მაკა ბულეიშვილი: ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილურია
„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ კლინიკური ექსპერტის, პროფესორ მაკა ბულეიშვილის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება სტაბილურია. ამის შესახებ ბულეიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ზოგადი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ბოლო 3 კვირის განმავლობაში ძალიან სტაბილურია, რაც მნიშვნელოვანია. ეს იმის მაჩვენებელია, რომ პრაქტიკულად, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ამ ეტაპისთვის ჩვენ ეპიდემიოლოგიურად გაწონასწორებულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი იკლებს, მაგრამ ყურადღების გამახვილება ყოველთვის აუცილებელია, რადგან, ალბათ, კარგად გვახსოვს ის პერიოდები, როდესაც, შეიძლება ითქვას, რომ ასეთივე კარგი მდგომარეობა გვქონდა, მაგრამ არ მოხდა რეგულაციების გათვალისწინება, შემდეგ კი ვნახეთ, რა მდგომარეობაში აღმოვჩნდით.
„ომიკრონმა“ის თვისებები გაამართლა, რაზეც აქცენტი კეთდებოდა: ის საკმაოდ სწრაფად ვრცელდება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისი თვისებები „დელტა“ შტამისგან ნამდვილად განსხვავდება, ჩვენმა მოსახლეობამ შედარებით მსუბუქად გადაიტანა. სტაციონარებში მიმართვიანობა ძალიან დაბალია, საწოლფონდი არის“, – განაცხადა ბულეიშვილმა.
მისივე თქმით, პოსტკოვიდური მდგომარეობა „ომიკრონის“ გადატანის შემდგომაც ბევრ ადამიანს აღენიშნება.
„რა ფონი გვაქვს დღეს: სიმშვიდეა, ვირუსი ბევრმა ადამიანმა უკვე გადაიტანა, რეინფიცირების ბევრი ფაქტიც იყო. უნდა აღვნიშნო: მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ მსუბუქად მიმდინარეობდა და ხშირ შემთხვევაში ბინის პირობებში ყველა სიმპტომის აღმოფხვრა იყო შესაძლებელი, რასაც ვაკვირდებით, პოსტკოვიდური მდგომარეობა „ომიკრონის“ გადატანის შემდგომაც ბევრ ადამიანს აღენიშნება. ბევრი ადამიანი ვირუსის გადატანიდან 1 თვის შემდგომ აღნიშნავს უძილობას, აღგზნებადობას, ოფლიანობას, საერთო სისუსტეს, მწვავდება ქრონიკული დაავადებები“, – განაცხადა ბულეიშვილმა.
მან კორონავირუსის ჰიბრიდულ ვარიანტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასთან დაკავშირებით განგაშის მიზეზს ვერ ხედავს.
„ახალი შტამები შეიძლება, იყოს. მოგახსენებეთ „დელტაკრონის“ შესახებაც. „დელტაკრონზე“ინფორმაცია ჯერ კიდევ იანვრის თვეში გამოჩნდა. ის რამდენიმე ქვეყანაშია გავრცელებული, მაგრამ მისი რაოდენობა ისეთი მასშტაბური არ არის. ამ შტამს როგორც „ომიკრონის“, ისე „დელტას“ თვისებები აქვს. მინდა, გითხრათ, რომ განგაშის მიზეზს ვერ ვხედავ. ეს ყველაფერი დაკვირვების ქვეშაა. შემდგომში მეცნიერები დასკვნებს დადებენ. ამ ვარიანტს სიმპტომების გარკვეული ნაწილი „დელტა“ შტამისგან აქვს აღებული, ამ ეტაპზე უფრო მეტად საიმედო ინფორმაცია რაც არის: უფრო მეტი წილი ისეთი სიმპტომების გამოხატულება უნდა იყოს, რომელიც „ომიკრონის“ შტამს ახასიათებდა“, – განაცხადა ბულეიშვილმა.
თამუნა შეყილაძე