ლევან იოსელიანი: მესმის, სიმართლე „ქართული ოცნებისთვის“ და ჩემი კოლეგებისთვის იოლი მოსასმენი არ იყო, მაგრამ მადლობა პრეზიდენტს სიმართლისთვის

“გუშინ პრეზიდენტმა ამ დარბაზში ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერა. ვფიქრობ, ყველას სიმართლე უთხრა”, – ასე შეაფასა „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენება.

მისივე თქმით, დღეს ის დროა, როცა ყველა მხარე საერთო მიზნისთვის უნდა გაერთიანდეს.

„მესმის, რომ სიმართლე „ქართული ოცნებისთვის“ და ჩემი კოლეგებისთვის იოლი მოსასმენი არ იყო, მაგრამ მადლობა მას ამ სიმართლისთვის იმიტომ, რომ დანარჩენი საქართველო მართლაც ისე ფიქრობს, როგორც მის გზავნილებში იყო ასახული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს ნამდვილად არის ის დრო, როდესაც ამ კრიზისულ სიტუაციაში საერთო მიზნისთვის უნდა გავერთიანდეთ. დღეს განიხილება ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის შესახებ რეზოლუცია და იმედი მაქვს, ამ რეზოლუციის განხილვა ზედმეტი დაპირისპირების გარეშე ჩაივლის. იმედი მაქვს, ამ დარბაზში უკლებლივ ყველა პარტია დაუჭერს ამ რეზოლუციას მხარს. ჩვენ ახლა მაინც უნდა გავარჩიოთ დიდი და ვიწროპარტიული ინტერესები ერთმანეთისგან და ვიდგეთ იქ, სადაც ქართული სახელმწიფოს ინტერესი დგას. ქართული სახელმწიფოს ინტერესი არის ევროკავშირი, ქართული სახელმწიფოს ინტერესი არის დავუპირისპირდეთ კაცობრიობის ყველაზე დიდ მტერს- რუსეთის სახელმწიფოს, რომელიც თავის გზაზე არავის ინდობს. ამას სჭირდება კონსოლიდაცია, საერთო ძალისხმევა. დღეს ეს რეზოლუცია იქნება ერთ-ერთი მთავარი ტესტი, რომელიც უნდა ჩავაბაროთ და ვაჩვენოთ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ყოველთვის იყო და იქნება დასავლური ღირებულებები და ჩვენ ბრძოლაში ყოველთვის წინა ხაზზე ვიქნებით“, – განაცხადა იოსელიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები