სალომე ზურაბიშვილი: უნდა გამოვიყენოთ ყველა ძალისხმევა, რათა შევძლოთ ერთიანი პოზიციების ჩამოყალიბება ევროკავშირში გაწევრიანებასა და უკრაინასთან მიმართებით

მინდა, მივმართო მთავრობას და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. ამ ურთულეს პერიოდში გამოყენებული იქნეს ყველა ძალისხმევა, რათა შევძლოთ ერთიანი პოზიციების ჩამოყალიბება: ერთი მხრივ, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე და, მეორე მხრივ, უკრაინასთან მიმართებით. ისე რომ, არცერთი საკითხი არ იქნეს გამოყენებული ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისათვის, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა წლიური მოხსენებით საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, მიესალმება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ პრემიერის განცხადებას და რეზოლუციას, რომელიც მუშავდება პარლამენტში. პრეზიდენტმა მოუწოდა ყველას, რეზოლუცია ერთსულოვნად იქნეს მიღებული.

„მივესალმები გაწევრიანების შესახებ პრემიერის განცხადებას, მივესალმები რეზოლუციას, რომელიც მუშავდება პარლამენტში და ყველას მოვუწოდებ, ეს რეზოლუცია ერთსულოვნად იქნას მიღებული. ასევე, გავეცანი რამდენიმე არასამთავრობოს მიერ შექმნილ განცხადებას, საზოგადოების სხვა პეტიციებს, თუ ინიციატივებს, რომლებსაც ასევე მივესალმები. გთავაზობთ, რომ ყველა ეს წამოწყება იყოს გაერთიანებული და ყველამ ერთად მოვაწეროთ ხელი ერთ დოკუმენტს, რომელიც იქნება ჩვენი განაცხადის მხარდამჭერი და ნიშანი ამ საკითხზე ჩვენი სრული ერთიანობისა. და გადაეგზავნოს ევროკავშირს ერთ პაკეტად საქართველოს სახელით. გთავაზობთ, რომ სასწრაფოდ შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატი, რომელიც შეიძლება ოპოზიციის წიაღიდან იქნას შერჩეული. ის განახორციელებს კოორდინაციას, რათა გაწევრიანების მოთხოვნები მყისიერად იქნას შესრულებული, როგორც სხვა კანდიდატი ქვეყნების შემთხვევაში ხდება. მოვუწოდებ მთავრობას, ოპოზიციურ სპექტრის მონაწილეობით შეიქმნას უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული ან სხვა ფორმატი, სადაც განხილული იქნება ყველა სენსიტიური საკითხი. აქვე, კიდევ ერთხელ მინდა, მოგიწოდოთ, რომ ამ ყველასათვის უმძიმეს პერიოდში გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენის გამოყენებაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები