ნიკოლოზ სამხარაძე – ნედ პრაისისთვის “მთავარის” ჟურნალისტის კითხვაზე: კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მათ სახეს და მათ უწყვეტ მცდელობას, როგორმე, დააზიანონ ქვეყანა
ასეთ მძიმე დროს ეს არანაირად არავის ეპატიება და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მათ სახეს და მათ უწყვეტ მცდელობას, როგორმე, დააზიანონ ქვეყანა, ქვეყნის იმიჯი და დააზიანონ საქართველო, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, “მთავარი არხის” ჟურნალისტის პროვოკაციულ კითხვაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერის პასუხი კარგად წარმოაჩენს ამერიკის პოზიციას ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში.
“როდესაც, ფაქტობრივად, ჩვენ ჰიბრიდულ ომში ვართ, ასეთ მძიმე დროს ეს არანაირად არავის ეპატიება და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მათ სახეს და მათ უწყვეტ მცდელობას, რომ როგორმე დააზიანონ ქვეყანა, ქვეყნის იმიჯი და დააზიანონ საქართველო.
რაც შეეხება ბატონი პრაისის პასუხს, მისი პასუხი იყო ძალიან დიპლომატიური და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მან თქვა, იყო ის, რომ ყველაზე კარგად სწორედ საქართველომ იცის, რა არის რუსული აგრესიის ფასი. ეს წინადადება მთლიანად მოიცავს ამერიკის შეერთებული შტატების აღქმას და მათ პოზიციას საქართველოსთან მიმართებაში”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ცნობისთვის, “მთავარი არხის” ჟურნალისტმა, დემნა დევდარიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერ ნედ პრაისს ჰკითხა, თუ როგორ შეაფასებდა ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევასა და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ისინი არაეფექტურია. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერმა კი უპასუხა, რომ ცოტაა ისეთი ქვეყანა, რომელმაც საქართველოზე კარგად იცის იმ შედეგების შესახებ, რაც რუსეთის აგრესიას მოჰყვება.