სოზარ სუბარი ვანო მერაბიშვილის კაბინეტში ჩატარებული თათბირის ჩანაწერებზე საუბრობს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ადასტურებს, რომ მისი სახალხო დამცველად მუშაობის პერიოდში ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის ჩანაწერი მას მიაწოდეს. როგორც სუბარმა აღნიშნა, მან გაეროს დაფინანსებით რიგაში დაგეგმილი შეხვედრა გადადო, რადგან აღმოჩნდა, რომ ადგილზე უფრო დიდ საფრთხესთან ჰქონდა საქმე.
„პირველ რიგში, სიტყვიერად მივიღე ეს ინფორმაცია. შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატი გადავიყვანე სრულ მზადყოფნაში, რათა მონიტორინგი გაძლიერებულიყო და გვქონოდა შესაძლებლობა, რომ იმ დროს არსებული ყველა დარღვევა დაფიქსირებისა და შესწავლის გარეშე არ დარჩენილიყო. 5 ნოემბერს ეს დოკუმენტი უკვე წერილობითი ფორმით არსებობდა, რომელიც სათარგმნელად იმ დღესვე გადავეცით და 8 ნოემბერს უკვე მაღალი დონის დიპლომატებს მივაწოდეთ”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, დოკუმენტში საუბარია იმაზე, თუ როგორ ჩატარდა 4 ნოემბერს თათბირი ვანო მერაბიშვილის კაბინეტში, რომელსაც ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და ძალიან ბევრი მაღალი თანამდებობის პირი ესწრებოდა. ასევე, როგორ მიეცათ პირდაპირი დავალება გუბერნატორებს და მაღალი თანამდებობის პირებს, რომ უნდა დაწყებულიყო დევნა, ცემა, ნარკოტიკების ჩადება და იმ ადამიანების ქონების განადგურება, რომლებიც პოლიტიკურად მოწინააღმდეგე ფიგურებს წარმოადგენდნენ.
„ინსინუაციები თემაზე, რომ თითქოს რუსი ოლიგარქი გადატრიალებას ამზადებდა, მოგონილია და ეს ყველაფერი ამ დოკუმენტიდან ჩანს. ძალიან ბევრი მოწმეა, ვინც იმავე დღეს იცოდა ამ ფაქტის შესახებ და სხვა მტკიცებულებებიც არსებობს, რომლითაც ამის დამტკიცება შესაძლებელია“, – განაცხადა სუბარმა. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ არის თუ არა თავად მოწმეთა სიაში, ცნობილი მაშინ გახდება, როცა ამის საჭიროება იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები