მიხეილ ყაველაშვილი: დამისახელეთ ერთი სახელმწიფო, რომელიც საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში უკრაინისთვის საქართველოზე მეტს აკეთებს

“დამისახელეთ ერთი სახელმწიფო, რომელიც საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში უკრაინისთვის საქართველოზე მეტს აკეთებს, დამისახელეთ ფაქტი, რა შეუძლია და რას არ აკეთებს საქართველოს სახელმწიფო, ხელისუფლება?”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

​მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მიმართ სოლიდარულია.

„ოპოზიციისთვის ენას ძვალი არ აქვს. რასაც უნდათ, იმას საუბრობენ და ყველაფერს კადრულობენ, მაგრამ როდესაც საომარი მდგომარეობაა და სახელმწიფო ზღვარზეა, როგორმე, ომში ჩაითრიონ, ეს ადამიანები ქვეყნის ფარგლებს გარეთ კადრულობენ და საკუთარ ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობაში ადანაშაულებენ. დღეს უკრაინას ომი აქვს, ხატია დეკანოიძე კი საქართველოს სახელით ერთ-ერთ უკრაინულ არხს ჩაერთო და უკრაინელ ხალხს მიმართა, რომ საქართველოს ხელისუფლება არის რუსეთისა და პუტინის ხელისუფლება, რომელიც უნდა მოვიშოროთო. ეს ადამიანები ომში არიან და, რა თქმა უნდა, ამას მათზე გავლენა ექნება. დამისახელეთ ერთი სახელმწიფო, რომელიც საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში უკრაინისთვის საქართველოზე მეტს აკეთებს, ერთი ასეთი ქვეყანა დამისახელეთ და შევადაროთ. დამისახელეთ ფაქტი, რა შეუძლია და რას არ აკეთებს საქართველოს სახელმწიფო, ხელისუფლება?

ყველა ქვეყნის მთავრობისათვის მთავარი ამოსავალი მათი ქვეყნის ინტერესია, ვისაც ძალა და შესაძლებლობა აქვს, რატომ არ ებმებიან ომში? საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად სოლიდარულია უკრაინის მიმართ და ასეთია მთავრობის ყოველდღიური მესიჯი მსოფლიოს მიმართ. ვინც სხვანაირად იგებს, ეს მისი პრობლემაა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები