თეა ახვლედიანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა შეხვედრები გამართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან – სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელთან, ვიორელ მოშანუსთან და გაერო-ს წარმომადგენელთან, ჯიჰან სულთანოღლუსთან.

შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილი ურთულესი მდგომარეობა, მისი გავლენა გლობალურ და რეგიონულ უსაფრთხოებაზე და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები.

როგორც ეუთო-ს, ასევე გაერო-ს წარმომადგენელთან საუბრისას, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის შედეგად, კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების მძიმე ჰუმანიტარულ და უფლებრივ მდგომარეობას.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა ერთობლივი ძალისხმევის გააქტიურების მნიშვნელობა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების – ირაკლი ბებუას, მამუკა ჩხიკვაძის, კახაბერ ნათაძის, ვალერი კანიაშვილის, ზაზა მეგრელიშვილის და თამაზ გოგიჩაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად, ასევე, განსაკუთრებით ახალგორის რაიონის ხელოვნური იზოლაციით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგით გათვალისწინებულ თემებზე, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასა და სხვა ჰუმანიტარულ საკითხებზე პროგრესის მიღწევის საჭიროებას. ამასთან, განხილულ იქნა ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მიმდინარეობა და აღინიშნა გალის შეხვედრების უპირობო აღდგენის აუცილებლობა.

შეხვედრებზე სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობაზე და აღნიშნულ კონტექსტში თანათავმჯდომარეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 2010 წლის ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესზე, რომელიც მიზნად ისახავს გამყოფი ხაზით ხელოვნურად დაშორებულ მოსახლეობას შორის შერიგების პროცესში არსებითი პროგრესის მიღწევას, ნდობის აღდგენის, ჩართულობის და დიალოგის გზით, რაც ახლებულ ხედვებს, მიზნებსა და პრიორიტეტებს დაეყრდნობა.

ჟენევის თანათავმჯდომარეებმა დაადასტურეს მზაობა, განაგრძონ მაქსიმალური ძალისხმევა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. მხარეები შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები