გია ვოლსკი: საქართველო-მოლდოვასთვის ევროინტეგრაცია განსაკუთრებული მნიშვნელობის თემაა
“საქართველო-მოლდოვასთვის ევროინტეგრაცია განსაკუთრებული მნიშვნელობის თემაა, რომ ხვალინდელი დღე და მათ მიმართ შესაძლო აგრესია დააზღვიონ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირს პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქვს, რათა მოკავშირეები შეიფაროს იმ ფორმატში, რასაც ევროკავშირის რესურსი ჰქვია.
„ევროკავშირისთვის საგანგებო მნიშვნელობის საკითხია, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა მისი ქოლგის ქვეშ იყვნენ. ამ სამ ქვეყანას მისწრაფება აქვს მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ცეცხლის ალშია გახვეული და არც მოლდოვასა და არც საქართველოს ბოლომდე არ აქვთ შესრულებული თავისი ვალდებულებები. ბევრი მითქმა-მოთქმა და სპეკულაცია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა ევროკავშირში მისი საკითხის ცალკე განხილვას ითხოვს. საქართველო-მოლდოვასთვის ევროინტეგრაცია განსაკუთრებული მნიშვნელობის თემაა, რომ ხვალინდელი დღე და მათ მიმართ შესაძლო აგრესია დააზღვიონ. უკრაინის მხრიდან ცალკე მოთხოვნა პარტნიორების მიმართ უპატივცემულობას არ ნიშნავს. უკრაინასაც უნდა გავუგოთ, რომ უმძიმეს ვითარებაშია და ქვეყანაში სისხლის მორევია დაყენებული აგრესორის მიერ. აქედან გამომდინარე, უკრაინის შიშები, რომ საქართველოსა და მოლდოვას ამ პირობებში შეიძლება, ჰქონდეთ უარყოფითი ფაქტორი საკითხის განხილვის სისწრაფეზე, საფუძვლიანი არ არის. ევროკავშირს შეიძლება სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს, მაგრამ შინაარსი მაინც ერთია და ეს ეხება უსაფრთხოების თემას და სამი მოკავშირე ქვეყნის გადარჩენის საკითხს, მათ შორის უსაფრთხოების თვალსაზრისით. რა საკვირველია, ევროკავშირს ინტერესის გარდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქვს, რათა მოკავშირეები შეიფაროს იმ ფორმატში, რასაც ევროკავშირის რესურსი ჰქვია, მათ შორის, უსაფრთხოების თვალსაზრისით და ამ კრიზისულ ვითარებაში სოციალური მდგომარეობაა გადამწყვეტი მნიშვნელობის“, – განაცხადა ვოლსკიმ.