მამუკა მდინარაძე: იმ პერიოდში, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, 15 ათასამდე რუსეთის მოქალაქე არის შემოსული საქართველოში
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში დაახლოებით 15 ათასამდე რუსეთის მოქალაქე შემოვიდა.
“დაახლოებით შემიძლია, გითხრათ, რომ იანვარსა და თებერვალში საქართველოში ვიზიტით მყოფი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 30 ათასის ფარგლებში იყო. იმ პერიოდში, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და იქ ღია ომი გააჩაღა, 15 ათასამდე რუსეთის მოქალაქე არის შემოსული საქართველოში. ანუ, ვხედავთ, რომ რაიმე რადიკალური გადახრა ამ რიცხვებში არ არის. ამ დროს, „ნაცმოძრაობის“ მიერ დაწყებული კამპანიის მიხედვით, Facebook-ზე ვხვდებით ტრენდს, რომ საქართველოში შემოვიდა 150 ათასი, ზოგ შემთხვევაში ნახევარ მილიონზეც წავიდნენ, რაც აბსოლუტური ტყუილია. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გიპასუხოთ, რომ 24 თებერვლიდან დღემდე დაახლოებით 15 ათას ადამიანზე საუბარზე. იანვარში, როდესაც მსგავსი არაფერი ხდებოდა დაახლოებით 30 ათასი ადამიანი ისედაც მოგზაურობდა საქართველოში. აღმოჩნდა, რომ მთელი ნარატივი, რაზეც ეს კომპანია დააარსეს, არის ტყუილი“, – განაცხადა მდინარაძემ.