გიგი უგულავას საქმის პროკურორი: ბრალდებულმა საბოლოო სიტყვაში, ფაქტობრივად, აღიარა დანაშაული
თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ დასკვნით სხდომაზე ბრალდებულმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ 2019 წელს აეროპორტში მას ორი ძიუდოისტი მიუგზავნეს. უგულავას თქმით, პარკაძე და გავაშელიშვილი აეროპორტში მას თავს დაესნენ, რაზეც მან პასუხი დაუბრუნა.
“როცა ადამიანი თავს დამესხა, მიუხედავად იმისა, რომ მისი შესაძლებლობები ჩემსას აღემატებოდა, მას ვპასუხობდი და ყველა მოძალადეს ვუპასუხებ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, იცით, რატომ? ასეთი რამ რომ არ განმეორდეს… მე ამ საქმეში სრულიად უდანაშაულო ვარ. პარკაძე და გავაშელიშვილი ორი გაუბედურებული ადამიანია, რომლებიც ასეთ დავალებაზე აწერენ ხელს”, – განაცხადა უგულავამ თავის საბოლოო სიტყვაში.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, გიგი უგულავას საქმის პროკურორმა, ნათია გურულმა განაცხადა, რომ ბრალდებულმა საბოლოო სიტყვაში, ფაქტობრივად, აღიარა დანაშაული და ცდილობდა ძალადობის გამართლებას.
პროკურორის თქმით, ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.
აღნიშნულ საქმეზე მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი განაჩენს 9 მარტს, 10:00 საათზე გამოაცხადებს.
ცნობისთვის, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. უგულავასთან ერთად ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარი – დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებიან.