ირაკლი კობახიძის განცხადებით, ელჩის გაწვევამდე პრეზიდენტ ზელენსკის საქართველოს ხელისუფლებასთან რაიმე ტიპის კომუნიკაცია არ ჰქონია

თუ ვინმეს მიმართ უნდა ჰქონოდა მოლოდინი უკრაინის ხელისუფლებას, ეს არის პირველ რიგში, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, პოლონეთი, ასევე დიდი ბრიტანეთი, მოლდოვა და ასე შემდეგ, თუმცა რატომღაც საქართველოსგან განსხვავებით, იქ არ გამხდარა მათი გადაწყვეტილებები ელჩის გაწვევის მიზეზი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მან საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის მიზეზი ვერ უნდა გამხდარიყო სანქციები.

მისივე თქმით, ამისთვის არანაირი არგუმენტი არ არსებობს.

„სანქციებს რაც შეეხება, მოლდოვა არის უკრაინის მეზობელი ქვეყანა და დაახლოებით იგივე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ზოგადად უკრაინა, საქართველოა. მასაც აქვს ტერიტორიული პრობლემები, დაპირისპირება რუსეთთან და ასე შემდეგ. მოლდოვამ სანქციები არ დაუწესა რუსეთის ფედერაციას. კითხვა ისმის მარტივად – სანქციებთან დაკავშირებით მოლდოვისგან არ ჰქონდა იგივე მოლოდინი ზელენსკის და რატომ ჰქონდა მოლოდინი უკრაინის ხელისუფლებას საქართველოსთან მიმართებით. იგივე ავიღოთ პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი. თვითმფრინავები არ გააგზავნეს მათ. არ ჰქონდა მოლოდინი უკრაინის ხელისუფლებას პოლონელებისგან ან ბრიტანელებისგან, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგმულიყო, რატომ არ ჰქონდათ და რატომ ჰქონდათ საქართველოსგან, როდესაც ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკრაინის მიმართ აქვთ ბევრად დიდი პასუხისმგებლობა, ვიდრე საქართველოს. აქ ძალიან უხეში ლოგიკური აცდენაა და არანაირი არგუმენტი ამის საპირისპიროდ სინამდვილეში, არ არსებობს. თუ ვინმეს მიმართ უნდა ჰქონოდა მოლოდინი უკრაინის ხელისუფლებას, ეს არის პირველ რიგში, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, პოლონეთი, ასევე დიდი ბრიტანეთი, მოლდოვა და ასე შემდეგ, თუმცა რატომღაც საქართველოსგან განსხვავებით, იქ არ გამხდარა მათი გადაწყვეტილებები ელჩის გაწვევის მიზეზი. სწორედ ეს აჩენს მარტივ ეჭვს, რომ შეიძლება, სწორედ სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე, არახამია იყვნენ ამ გადაწყვეტილების ინიციატორები ან რომელიმე მათგანი. ძალიან საფუძვლიანია ეს ეჭვი, როდესაც აბსოლუტურად ალოგიკურია და აუხსნელია გადაწყვეტილება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, „სააკაშვილი არის ციხეში და ამ ვითარებაში როგორ გესახებათ ამ ტიპის განცხადებებზე მას ჰქონდეს გავლენა“, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი არის ციხეში, მაგრამ ის დღემდე რჩება რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად.

„ეს არის მისი დღევანდელი სტატუსი. გარდა ამისა, გახსოვთ, რომ არახამია, რომელიც არის უშუალოდ პრეზიდენტთან დაკავშირებული პირი, freemisha-ს მაისურით გამოდიოდა სულ ცოტა ხნის წინ და სააკაშვილმა თავადაც აღნიშნა, რომ მისი დაფრთიანებულია არახამია და ის არის უშუალო გარემოცვა. ეს ყველამ კარგად იცის. ასეთ დროს ბუნებრივია, არც თუ რთულია პრეზიდენტის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა და ამას ემატება, რა თქმა უნდა, ჩვენი ლოგიკური ეჭვები, რაც ეფუძნება გადაწყვეტილების ალოგიკურობას“, – განაცხადა კობახიძემ.

პირველი არხის ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს ასევე ჰკითხა, ელჩის გაწვევის გადაწყვეტილებამდე, პრეზიდენტ ზელენსკის რაიმე ტიპის კომუნიკაცია ხომ არ ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებასთან, რაზეც კობახიძემ აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის კომუნიკაცია არ შემდგარა.

მისივე თქმით, სტრუქტურებს შორის საუბარი შედგა მოხალისეებით დატვირთული ბორტის გაგზავნასთან დაკავშირებით.

„არა და ესეც, რა თქმა უნდა, არის ასევე დამატებითი ეჭვის საფუძველი. კომუნიკაცია იყო სტრუქტურებს შორის თვითმფრინავის გაგზავნასთან დაკავშირებით, რაზეც ბუნებრივია, ჩვენს ხელისუფლებას ძალიან მკაფიო პასუხი ჰქონდა – მოხალისეებით დატვირთული ბორტის გაგზავნა იმ ქვეყანაში, რომელიც არის საომარ კონფლიქტში ჩართული, ნიშნავს შენი ქვეყნის ჩართვას ამ სამხედრო კონფლიქტში. ძალიან მარტივად იყო აქ საქმე და სწორედ ამიტომ გააკეთეს მკაფიო განცხადებები ბრიტანეთმა, პოლონეთმა, ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა, რომ ისინი არ გააგზავნიდნენ მოხალისეებს თვითმფრინავით ან რაიმე ფორმით უკრაინაში. ასევე, თქვენ მოისმინეთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ბლინკენის განცხადება, რომელიც უფრო შორს წავიდა. არამარტო გაგზავნასა და მის ორგანიზებაზე იყო საუბარი, მან პირდაპირ მოუწოდა აშშ-ის მოქალაქეებს, რომ არ წასულიყვნენ მოხალისეებად უკრაინაში. ანუ ბევრად უფრო უხეში იყო ეს განცხადება. ასეთ პირობებში, როდესაც სხვა ქვეყნის მიმართ არ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება და ჩვენ მიმართ მიიღება, ბუნებრივია, ძალიან სერიოზულ ეჭვებს ბადებს“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები