კობახიძე: პრეზიდენტმა კონსულტაციების გარეშე, საჯაროდ გამოაქვეყნა თავის სურვილი, 5 მარტს პარლამენტში მოსვლაზე, თუმცა ერთი თვის წინ იყო ამ საკითხზე კონსულტაციები და გადაწყვეტილი იყო 9 აპრილი

პრეზიდენტის პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლასთან დაკავშირებით რომ ყოფილიყო წინასწარი კონსულტაციები, უხერხულობას ავცდებოდით, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მოამბის“ წამყვანის კითხვას, რატომ სთავაზობს უმრავლესობა პრეზიდენტს გამოსვლის თარიღად 15 მარტს.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარე, 5 მარტისთვის არ იმყოფებოდა საქართველოში, ასევე იყო კვორუმის კუთხით სერიოზული სირთულეები.

„წინასწარი რომ ყოფილიყო კონსულტაციები თარიღთან დაკავშირებით, ამ უხერხულობას ავცდებოდით, არ იყო სამწუხაროდ ეს კონსულტაციები, ისე გააჟღერა საჯაროდ პრეზიდენტმა თარიღი. ამ დროს აღმოჩნდა რა – თითქმის ყველა წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარე, 5 მარტისთვის არ იმყოფებოდა საქართველოში, თბილისში, ასევე იყო კვორუმის კუთხით სერიოზული სირთულეები. ზოგადად დეპუტატები, მაჟორიტარები, მათ შორის საგარეო კუთხით, ზოგადად არგებენ სასესიო გრაფიკს და ასეთ დროს, როდესაც წინასწარ არ კითხულობ, ასეთი უხერხულობა მარტივად შეიძლება შეიქმნას. ჩვენ გვინდა, რომ სრულფასოვანი სხდომა ჩატარდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ყოველწლიური მოხსენება არის სპეციფიკური ფორმატი, რომელსაც სიჩქარე არ სჭირდება, ეს არის ყოველწლიური მოხსენება, სადაც პრეზიდენტმა უნდა ისაუბროს წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებზე, ეს არ არის რაღაც კონკრეტულ თემაზე.

კითხვაზე, ოპოზიცია ფიქრობს, რომ სწორედ იმ ვიზიტებიდან გამომდინარე, რომელიც პრეზიდენტს ჰქონდა უკრაინის თემაზე ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნებოდა ხვალ პარლამენტში გამოსვლა, კობახიძემ აღნიშნა, რომ ამისთვის არ არის ყოველწლიური მოხსენება.

„პრეზიდენტს შეუძლია, გამოიყენოს სხვადასხვა ფორმატი. პრეზიდენტს თუ სურს, პოლიტიკურ ჯგუფებს ან საზოგადოებას გააცნოს, რა გზავნილებით ჩამოვიდა ევროპიდან, ამის გაკეთება შეიძლება სხვადასხვა ფორმატში. ყოველწლიური მოხსენება არ არის ამისთვის. ამისთვის პრეზიდენტს აქვს უამრავი სხვა საშუალება. წინასწარი კონსულტაციები რომ ყოფილიყო, მარტივად ავცდებოდით ამ უხერხულობას“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა კონსულტაციების გარეშე, საჯაროდ გამოაქვეყნა თავის სურვილი, 5 მარტს პარლამენტში მისვლაზე, თუმცა ერთი თვის წინ იყო ამ საკითხზე კონსულტაციები და გადაწყვეტილი იყო 9 აპრილი.

„9 აპრილი იყო შეთანხმებული დაახლოებით ერთი თვის წინ. პრეზიდენტმა როცა მოისურვა ამ თარიღის შეცვლა, კიდევ ერთი კონსულტაციები უნდა გამართულიყო, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ მას მიემართა პარლამენტისთვის, კონსულტაციებისთვის, ამის მაგივრად მან საჯაროდ გამოაქვეყნა თავის განცხადება 5 მარტს პარლამენტში მოსვლაზე. რატომ მოხდა ეს, არ ვიცი, შეიძლება ტექნიკური მიზეზი იყო, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მცირე გადაცდომამ შექმნა ის უხერხულობა, რომელიც შეიქმნა“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ხომ არ არის დაძაბულობა პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის და რამდენად ხშირი კომუნიკაცია აქვთ მასთან, კობახიძემ აღნიშნა: „ჩვენ არ გვაქვს კომუნიკაციის პრობლემა, ნებისმიერ დროს მზად ვართ კომუნიკაციისთვის და შესაბამისად, ვერავითარ დაძაბულობაზე ვერ ვისაუბრებთ“.

მისივე თქმით, პრეზიდენტს შეუძლია, გამოთქვას საკუთარი პოზიცია შეუძლია, ჩაერთოს საგარეო პოლიტიკურ საკითხებში, მთავარია კონსტიტუცია იყოს დაცული.

„პრეზიდენტს აქვს თავისი განსაზღვრული ჩარჩო საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით. მას შეუძლია, ამ ფარგლებში დააფიქსიროს საკუთარი პოზიციები, მაგრამ ყველას მინდა შევახსენო, რომ საქართველოში კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს და ახორციელებს ორი ორგანო, ეს არის პარლამენტი და ეს არის მთავრობა. მაგრამ, თუ პრეზიდენტს დასჭირდება ჩვენთან კონსულტაციები, ამ თემებზე ჩვენ ყოველთვის მზად ვართ“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები