გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში კომპანია RMG-ის გარემოსდაცვითი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული „ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე კომპანია RMG-ის მიერ ახალი კუდსაცავი დამბის მოწყობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, RMG აქამდე იყენებს ძველი ტექნოლოგიით აშენებულ კუდსაცავს, რომელიც თავისი მაქსიმალური ტევადობის ზღვარზეა. ახალი კუდსაცავის მოწყობის პროექტზე მუშაობა 2016 წლიდან დაიწყო და 6 წელია მიმდინარეობს. შედეგად, მომზადდა ახალი კუდსაცავის დეტალური პროექტი, რომელიც ეფუძნება თანამედროვე საერთაშორისო, გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების სტანდარტების უმკაცრეს მოთხოვნებს, რომლის მთლიანი სასიცოცხლო ციკლი 34-40 წელზეა გათვლილი. ახალი კუდსაცავის მოწყობის პარალელურად განხორციელდება არსებული კუდსაცავის კონსერვაციისა და რეკულტივაციის სამუშაოები.
„პარლამენტის ჩართულობა და საპარლამენტო ზედამხედველობა კომპანია RMG-ის მიერ განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშირებით არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალური საჯარო განხილვის პროცედურები ადგილზე უკვე ჩატარებულია, ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ახალი კუდსაცავის მშენებლობის წინასწარი განხილვა.
დღეს მოვისმინეთ ძირითადი დეტალები ახალი კუდსაცავის ლოკაციის, უსაფრთხოების კომპონენტების თაობაზე. გაზაფხულზე კი ჩვენ ვგეგმავთ, რომ ადგილზე გავიდეთ და იქ გავეცნოთ მდგომარეობას“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ მინერალური რესურსების სააგენტოს წარმომადგენლები.