შალვა პაპუაშვილი: ვინ, თუ არა ფინანსური სექტორის წარმომადგენლებმა იციან, თუ რას ნიშნავს სიმშვიდე ქვეყანაში
„მაშინ, როდესაც არის ომი, მნიშვნელოვანია სიმშვიდე და სწორედ ეს არის მთავარი პასუხი ყველა ასეთი გამოწვევების მიმართ, რომ სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს ცხოვრება იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი ყველა ინსტიტუტის შესაბამისი საქმიანობა. მინდა, მადლობა მოგახსენოთ, რომ ეს ღონისძიება დღეს ტარდება. ვინ, თუ არა ფინანსური სექტორის წარმომადგენლებმა იციან, თუ რას ნიშნავს სიმშვიდე ქვეყანაში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სტრატეგიისა და 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არსებობს პრიორიტეტული მიმართულებები და ამ კუთხით, ფინანსური ზედამხედველობის მიმართულება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. „ეს გახლავთ ნაწილი იმ პრიორიტეტებისა, რომელზეც მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, არჩევის შემდეგ ვფიქრობდი, რა შეიძლება იყოს საკითხი, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს.
ერთი, ეს იყო საქართველოს მომზადება 2024 წელს ევროკავშირში წევრობის განაცხადისთვის და ჩვენ ვნახეთ, მსოფლიო კონტექსტი, არა მხოლოდ დაკავშირებული ომთან, არამედ იმასთან, რომ გადააზრება ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია ერთად დგომა და მხარდაჭერის უფრო მაღალი დონე, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ. ეს გეგმა შესრულდა გუშინ წევრობის განაცხადის ხელმოწერით. დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ ეს დაჩქარებული წესით იქნება განხორციელებული. მეორე გახლდათ პარლამენტის გაძლიერება, როგორც ორგანიზაციული, ისე ინსტიტუციის გაძლიერება და აქ რა თქმა, უნდა ფინანსური ზედამხედველობის მიმართულება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შალვა პაპუაშვილმა საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტს, ღონისძიების და გზამკვლევების ავტორებს, დონორებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.