მეუფე გრიგოლი: რაც ამ დღეებში რუსთაველზე ხდება, შეუფასებლად დიდი მორალური მხარდაჭერაა მებრძოლი უკრაინელი ერისთვის

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის, მით უფრო, რომ 2008 წლიდან დიდი დრო არ არის გასული და ჯერ კიდევ ღიაა ჩვენს სახელმწიფოებრივ და ეროვნულ სხეულზე არსებული ჭრილობები, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საკათედრო ტაძარში ქადაგების დროს განაცხადა, რითაც უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ უკრაინელების წინააღმდეგ, ეს არის ღირებულებათა ომი.

„ჩვენ იმ ქალაქში ვიმყოფებით, რომლის თავზეც ცვიოდა ჭურვები, იყვნენ დაჭრილები და დახოცილები. დღემდე აქტუალურია და პასუხს ითხოვს კითხვა: რაში მდგომარეობდა (ან მდგომარეობს) საქართველოს ბრალეულობა? ალბათ, მხოლოდ იმაში, რომ თავისუფლება სურდა! დღეს ვხედავთ, რომ უკრაინა ასევე ვერ გადაურჩა რუსეთის აგრესიას და მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს მისი მასირებული დაბომბვა, ფართო მასშტაბით ხორციელდება შეტევა მისი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. და რამდენი რამ ახლავს ამ უბედურებას?! ეს ჩვენ გვიჩვენებს, რომ ერს, რომელმაც გადაწყვიტა თავისი ცხოვრების ბატონ-პატრონი გახდეს, მძიმე ფასის გადახდა უწევს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ადამიანები მაინც არჩევენ თავისუფლებისთვის ბრძოლას, რადგან სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და თავისუფლება გზას უხსნის ადამიანთა ღვთივბოძებული შესაძლებლობების განვითარების პერსპექტივებს. ისტორია ხშირად მეორდება, მაგრამ მთავარი არის არა განმეორებითობა, არამედ გაკვეთილების გამოტანა, დასკვნების გაკეთება, რაც ყველას მართებს, თითოეულ ადამიანს, თითოეულ ერს. დღეს მოწმენი ვართ იმისა, თუ როგორი ძალადობა და აგრესია ხორციელდება იმისთვის, რომ უკრაინას, მის მოსახლეობას წაართვან მომავალი. ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ უკრაინელების წინააღმდეგ, ეს არის ღირებულებათა ომი; ვფიქრობ, დროა საბოლოოდ გამოვერკვეთ და თვალი გავუსწოროთ სინამდვილეს! წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავკარგავთ ჩვენი სახელმწიფოს მომავალს“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მეუფე გრიგოლის თქმით, უკრაინის განსაცდელი ქართველი ხალხის განსაცდელიცაა.

,,უკრაინის განსაცდელი დღეს ჩვენი განსაცდელია და ის, რაც ამ დღეებში თბილისში ხდება, – მხედველობაში მაქვს რუსთაველზე და თავისუფლების მოედანზე შეკრებილი სახალხო მოძრაობა, – ეს არის შეუფასებლად დიდი მორალური მხარდაჭერა თავისუფლებისმოყვარე და მისთვის მებრძოლი უკრაინელი ერისთვის. ჩვენ, ვინც 2008 წელი გადაიტანა, კარგად ვიცით ასეთი მორალური მხარდაჭერის ფასი,” – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები