შალვა პაპუაშვილი: რთულია ისეთი ღონისძიების გატარება, რომელიც ნაკლებად დააზიანებს, ან საერთოდ არ დააზიანებს რუსეთს, სამაგიეროდ, დააზიანებს ჩვენს მოსახლეობას
ჩვენი მხრიდან ისეთი ღონისძიების გატარება, რომელიც ნაკლებად დააზიანებს, ან საერთოდ არ დააზიანებს რუსეთს, სამაგიეროდ დააზიანებს ჩვენს მოსახლეობას, რა თქმა უნდა, რთულია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ოპოზიციის მოწოდებებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედონ, გამოეხმაურა.
მისი თქმით, სანქციების საკითხი რთულია, მათ შორის, ევროკავშირისთვისაც.
„იცით, რომ სანქციების დაწესების საკითხი არის რთული განხილვის საკითხი, მათ შორის, ევროკავშირში და ეს არის შეთანხმების საკითხი. ზოგიერთ საკითხზე თანხმდებიან, რომ დააწესონ სანქცია, ზოგიერთზე – არა. ჩვენ ვუსმინეთ, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლების მოწოდებას, რომ ჩაკეტონ საჰაერო სივრცე, მაგრამ როგორც ხედავთ, საერთაშორისო თანამეგობრობა ამას ვერ ახერხებს. ჩვენი მხრიდან ისეთი ღონისძიება, რომელიც ნაკლებად დააზიანებს, ან საერთოდ არ დააზიანებს რუსეთს, სამაგიეროდ დააზიანებს ჩვენს მოსახლეობას, რა თქმა უნდა, რთულია ასეთი გადაწყვეტილების მიღება. რაც შეეხება მებრძოლების ორგანიზებულ გაშვებას სახელმწიფოდან, ამაზე პოზიცია აქვს არა მხოლოდ საქართველოს. თქვენ მოისმინეთ ინგლისის პრემიერის პოზიცია ამასთან დაკავშირებით, პოლონეთის პოზიცია. ეს აღქმული იქნება, როგორც ჩართვა საბრძოლო მოქმედებებში და, რა თქმა უნდა, საქართველოს სახელმწიფო მებრძოლების გაგზავნის ორგანიზებაში ვერ ჩაერთვება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.