ეს არის ექსტრაორდინარული მდგომარეობა, როდესაც ომი მიდის უკრაინაში და ვიცით, რომ ეს რისკები არის ჩვენთანაც მაღალი, გადაბმული არის ჩვენი უსაფრთხოება, მათ შორის, უკრაინის უსაფრთხოების საკითხებთან. აქედან გამომდინარე, დღეს, როგორც არასოდეს, არის მნიშვნელოვანი სიმტკიცესთან ერთად სიმშვიდე და ეს სიმშვიდე მიიღწევა სწორედ კონსოლიდაციით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საზოგადოება იყოს კონსოლიდებული საქართველოს მთავრობის გარშემო.
„რის გარშემო უნდა მოხდეს ეს კონსოლიდაცია, ამაზეც პასუხს გვაძლევს ჩვენი კონსტიტუცია – ეს გახლავთ საქართველოს მთავრობა, რომელიც წარმართავს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ პოლიტიკას და მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი საზოგადოება იყოს კონსოლიდებული, სწორედ საქართველოს მთავრობის გარშემო, ნაცვლად იმისა, რომ ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი ან ჯგუფები იყვნენ დაკავებულები საქართველოს მთავრობის დისკრედიტაციით. ამიტომ, დღეს მნიშვნელოვანია სიმტკიცე. ამ სიმტკიცეს და პოლიტიკურ სიმტკიცეს ხელისუფლება იჩენს იმით, რომ მხარს უჭერს უკრაინასთან დაკავშირებით საერთაშორისო ასპარეზზე ყველა გადაწყვეტილებას, რაც მნიშვნელოვანია უკრაინის სუვერენიტეტისთვის. მეორე საკითხი არის ჰუმანურობა, რაცა რის თანმიმდევრული და შეეხება ზრუნვას უკრაინის მოქალაქეების მიმართ, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში. საქართველოს მთავრობა შესთავაზა უკრაინას, რომ მიიღოს ლტოლვილები თუკი ამის საჭიროება არის; საქართველოს მთავრობამ უკვე გააგზავნა ჰუმანიტარული დახმარება და მზად არის ნებისმიერი სახით ჰუმანიტარული დახმარებით ჩაერთოს ამ საკითხში. მესამე საკითხი ეს გახლავთ, საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციების განმტკიცება და სწორედ ამიტომაც განაცხადი გააკეთა საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში წევრობაზე და ყველაზე მნიშვნელოვანი, რომლის გარეშეც არც სოლიდარობა გამოგვივა უკრაინის მიმართ და არც მხარდაჭერა: თუკი აქ არ იყო მშვიდობა, ჩვენ ვერც უკრაინას დავეხმარებით და ვერც საერთაშორისო თანამეგობრობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.