მიხეილ სარჯველაძე: პრეზიდენტის მონაწილეობით გვინდა შინაარსობრივი განხილვა მიმდინარე საკითხებზე, ამისთვის წლიური ანგარიშის ფორმატი არ გამოდგება
ჩვენ გვინდა, შინაარსობრივი, საგნობრივი, სწორი განხილვა იყოს მიმდინარე საკითხებზე პრეზიდენტის მონაწილეობითა და ჩართულობით. ამისთვის მოვნახავთ ფორმატს, არ გამოდგება 5 მარტს მოთხოვნილი ყოველწლიური ანგარიში, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც განიხილავენ, როდის მოისმენენ პრეზიდენტის წლიურ ანგარიშს.
მისი თქმით, წლიური ანგარიშის ფორმატში სხდომის გამართვა მოსახლეობისთვის ფრუსტრაცია იქნება.
„არ გვინდა, ეს ფორმატი რამენაირად ხელიდან გავუშვათ, სასაუბროა და ვისაუბროთ, ნებისმიერი პოლიტიკური ფორმა შეიძლება, იყოს შეთანხმებული. უბრალოდ, საუბარია იმაზე, რომ ამ ფორმით ხვალ სხდომის გამართვა, ჩემი აზრით, დიდი ფრუსტრაცია იქნება მოსახლეობისთვის, რომელიც რეალურად ვერ იხილავს იმას, რაზეც ინტერესი აქვს, რადგან იქნება პრეზიდენტის, ფრაქციის თავმჯდომარის გამოსვლა და ამით დამთავრდება. დეპუტატები, რომლებსაც ექნებათ კითხვა და მოსაზრების დაფიქსირების სურვილი, მოუწევთ მათ შორის პლენარულ სხდომათა დარბაზის მიღმა, მხოლოდ მედიასთან ისაუბრონ ამაზე. ეს არ ივარგებს, ზუსტად ამაზეა საუბარი, რომ მოქმედი პროცედურული ნორმები ისე გამოვიყენოთ და დავგეგმოთ, რომ რასაც თქვენ ბრძანებთ, სწორი კალაპოტი მიეცეს. ნუ შევქმნით ამისგან ისეთ სიტუაციას, რომელზეც თქვენც საუბრობთ, რომ არ ივარგებს. მოსახლეობას რომ არ გაუჩნდეს განცდა, თითქოს, ფორმალური მოტივებით ვცდილობთ სხვა მიმართულებით პროცესების წარმართვას. ძალიან მარტივად ვეტყვით მოსახლეობას, რომ ჩვენ გვინდა შინაარსობრივი, საგნობრივი, სწორი განხილვა იყოს მიმდინარე საკითხებზე პრეზიდენტის მონაწილეობითა და ჩართულობით. ამისთვის მოვნახავთ ფორმატს, ამისთვის არ გამოდგება 5 მარტს მოთხოვნილი ყოველწლიური ანგარიში. აქ დაისმება წერტილი და მოქალაქეს არავითარი კითხვის ნიშანი არ ექნება”, – განაცხადა სარჯველაძემ.