ნიკოლოზ სამხარაძე: ელჩის გაწვევა დიპლომატიურ ენაზე ნიშნავს, რომ ქვეყანა რაღაცით არის უკმაყოფილო, თუ ეს ეხება მოხალისეების გაგზავნას, საქართველო მათ ხელს არ უშლის

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დიპლომატიურ ენაზე ელჩის გაწვევა ნიშნავს, რომ ქვეყანა რაღაცით უკმაყოფილოა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ეს უკმაყოფილება მოხალისეების გაწვევას ეხება, საქართველო მათ ხელს არ უშლის და შეუძლიათ, ბილეთი აიღონ და წავიდნენ.

მისი თქმით, არაერთი განცხადება გაკეთდა იგორ დოლგოვის მხრიდან, სადაც ის მადლობას უხდის საქართველოს ხელისუფლებას, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება საქართველოში უკრაინის ელჩის გაწვევის თაობაზე მათთვის მოულოდნელი იყო.

“ჩვენი მხრიდან კითხვები არის შემდეგში, რა მიზეზით არის გაწვეული ელჩი მაშინ, როცა ანალოგიური განცხადება გააკეთა ბევრმა სახელმწიფომ, მათ შორის, მოლდოვა, ისრაელი, რომლებიც ახლო პარტნიორები არიან უკრაინის და მათ მიმართ ასეთი კომუნიკაცია არ ყოფილა. შესაბამისად, მართლა გაუგებარია ჩემთვის, რა გახდა მიზეზი. ელჩის გაწვევა თავისთავად დიპლომატიურ ენაზე ნიშნავს, რომ რაღაცით ქვეყანა არის უკმაყოფილო, შესაბამისად, ჩვენც გვინდა გავიგოთ, რითაა უკმაყოფილო, თუ ეს ეხება მოხალისეების გაგზავნას, საქართველო მოხალისეების გაგზავნას ხელს არ უშლის, თუ ვინმეს იქ სურს წასვლა, მას შეუძლია აიღოს ბილეთი და წავიდეს, თუმცა, სახელმწიფო მებრძოლებს არ გააგზავნის, რადგან ეს იქნება ჩვენი მხრიდან ომში ჩართვა და ქვეყნისთვის, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია და რუსეთის ჯარი დგას თბილისიდან 30 კილომეტრში და ცენტრალური მაგისტრალიდან 400 მეტრში, ომში ჩართვა იქნება დამანგრეველი”, – განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინა საქართველოდან ელჩს კონსულტაციების მიზნით უკან იწვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები