ბექა ლილუაშვილი: რუსეთის ეკონომიკის გარდაცვალება საქართველოს მოუტანს თითქმის იმავე შედეგებს, რაც სანქციებზე მიერთებას შეიძლება, მოეტანა
„სანქციების მძიმე შედეგები რუსეთის ეკონომიკისთვის იქნება დამანგრეველი ერთი წლის განმავლობაში. ეს არის შედეგი, რომელიც ამ სახელმწიფომ თავის გაუმართლებელი ამბიციების, საქართველოსა და უკრაინის თავისუფლების ხაზზე გამავალი ამბიციების შედეგად მიიღო”, – ამის შესახებ უფრაქციო პარლამენტის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
“მე რუსეთის ამ ტკივილზე არ ვილაპარაკებდი, რომ არა ის ერთი მილიონი ჩვენი მოქალაქე რომელიც რუსეთშია, რომელთა უკანაც ათასობით ქართული ოჯახი დგას. რომ არა ჩვენი ფერმერები, ექსპორტიორები და მათი ინტერესები, ამიტომ, რაც არ უნდა იძახოს პრემიერმა, რომ სანქციებს არ შეუერთდება, რუსეთის ეკონომიკის გარდაცვალება, რომელიც აუცილებლად მოხდება, საქართველოს, სამწუხაროდ მოუტანს თითქმის იმავე შედეგებს, რაც სანქციებზე მიერთებას შეიძლება მოეტანა. უბრალოდ, შედეგად, ქვეყანა იქნება თავმოჭრილი საქვეყნოდ და ჩამოურეცხავად და ამაში „ქართული ოცნება” გადაიხდის ძალიან დიდ ფასს. თუ თქვენ ნამდვილად გაინტერესებთ ეროვნული ინტერესები, აჩვენეთ საზოგადოებას ამ ეკონომიკური საფრთხეების ფონზე რა გეგმა აქვს ხელისუფლებას, მთავრობას. რა პასუხი აქვს ამ სერიოზულ დარტყმაზე, რასაც ჩვენი ეკონომიკა მიიღებს”, – განაცხადა ლილუაშვილმა.