ალექსანდრე რაქვიაშვილი: ეს არის სიტუაცია, როდესაც ჩვენ, ყველა ერთად ან სწორ მხარეს ვიქნებით, ან არასწორ მხარეს
„ეს არის სიტუაცია, როდესაც ჩვენ, ყველა ერთად ან სწორ მხარეს ვიქნებით, ან არასწორ მხარეს. და თუ შემთხვევით ნაბიჯი არასწორ მხარეს გადავდგით, უკან დავბრუნდეთ, ვაღიაროთ შეცდომა. მე მინდა, რომ ჩვენი ქვეყანა წესიერ ადგილზე იყოს, ევროპასთან იყოს, ამერიკასთან იყოს და არ იყოს რუსეთთან და მე მგონი, ყოველთვის გვაქვს შანსი, ეს შეცდომა გამოვასწოროთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის” წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, პრემიერის განცხადება იყო დიდი შეცდომა, მაგრამ თუ ხელისუფლება პოზიციას შეცვლის და შეცდომას გამოასწორებს, ამისთვის მას არავინ გააკრიტიკებს.
„პრემიერ-მინისტრის განცხადება უზარმაზარი შეცდომა იყო. მე მგონი, ასეთი შეცდომა არ დაგიშვიათ. მაგრამ მე არ მინახავს ადეკვატური ადამიანი, რომელსაც გაუხარდა ეს შეცდომა. არავის არ გაუხარდა და არავინ გაგაკრიტიკებთ არც თქვენ და არც პრემიერ-მინისტრს, თუ პოზიციას შეცვლით. შეცდომები შეიძლება ყველამ დავუშვათ, მაგრამ ეს ხომ არ არის რიგითი შეცდომა, რიგით კანონი, რომელიც თქვენ შეიძლება მიიღოთ. არავინ არასდროს არ გეტყვით ცუდს, თუ ჩვენი ქვეყანა შევა ნატოში ან ევროკავშირში. პირიქით. ნებისმიერ პოლიტიკოსს ვეტყვი მადლობას, ვინც ამ მიმართულებით ნაბიჯს გადადგამს. არ ვართ მტრები. ამ სიტუაციაში, როგორც არ უნდა მივიჩნევდეთ ღარიბაშვილის განცხადებას, მე არ ვარ მისი მტერი”,- განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშილმა.
მისივე თქმით, რეალური ნაბიჯები უნდა გადაიდგას ევროინტეგრაციისკენ. „ევროპასთან ინტეგრაცია არ არის კონვეირზე მიღებული 55 კანონი.
ევროპასთან ინტეგრაცია არ არის ქალების კვოტირება, აქციზების ზრდა. ევროპასთან ინტეგრაცია არის გამართული სასამართლო, დაცული კერძო საკუთრება, რთულ მომენტში ერთად დგომა. ამიტომ არის, რომ უკრაინა უფრო სწრაფად მიდის ევროპაში. ყველამ დაინახა, რომ რთულ მომენტი უკრაინელ ხალხს შეეძლება თავიც დაიცვას, ევროპაც დაიცვას და ქართველებსაც იცავენ ამასობაში. თუ ჩვენ ამას არ გავიზიარებთ და ნამდვილ ნაბიჯს არ გადავდგამთ ევროპის მიმართულებით და მართლა ევროპელები თუ არ ვიქნებით თავის არსით და მართლა უაზრო კანონებით დავმალავთ ევროინტეგრაციას, არაფერი არ გამოგვივა”,- განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშილმა.