როსტომ ჩხეიძე: არას გვარგებს გახლეჩილი საზოგადოების არსებობა

„არ მოველოდი, რომ “ქართული ოცნება” ამჯერადაც არ მოერიდებოდა კონსტიტუციის დარღვევას და საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის უარყოფას. უხერხული გახლდათ ეს ყოველივე ისე როგორც საქართველოს პრემიერმინისტრის გამოსვლა. არადა, რიგგარეშე სესიის ჩატარებით განა რა უნდა დაშავებულიყო. ერთსა და იმავე სატკივარზე უნდა გველაპარაკა. იმ სატკივარზე, რაც თავს დაატყდა უკრაინას. მხოლოდ ერთი განსხვავებით. ოპოზიცია პირდაპირ დაასახელებდა აგრესორი სახელმწიფოს ვინაობას, არ მოერიდებოდა რუსეთისა და მისი იმპერიული ზრახვების ხსენებას. მმართველი პარტია კი ამჯობინებდა უფრო ზოგად შეფასებას, რომ ბოროტება ცუდია, სიკეთე კარგი, ომი ცუდია, მშვიდობა კარგი და თანაგრძნობასაც გამოთქვამდა უკრაინელი ხალხის მიმართ, ოღონდ რატომ ჩავარდნილიყო ეს ქვეყანა ამ შავ დღეში, აღარ დააზუსტებდა”, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, როსტომ ჩხეიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ რთულ პერიოდში მნიშვნელოვანია საერთო გზების გამონახვა და საზოგადოების გაერთიანება.

„უმწვავეს საზოგადოებრივ პოლიტიკურ რეალობაში ვიმყოფებით. მზად უნდა დავხვდეთ ყოველგვარ გამოწვევას. არას გვარგებს გახლეჩილი საზოგადოების არსებობა. უკვე უნდა მოვნახოთ ის გზები, რაც გახლეჩას მოაგვარებს, წინააღმდეგობის სიმძაფრეს ჩაახშობს და საქვეყნო სატკივარზე ფიქრსა და ბჭობას კამათსა და დისკუსიაში გადაიყვანს. პარლამენტის თითოეული წევრი კი თავს ერთმანეთის კოლეგად იგრძნობს პარტიული კუთვნილების მიუხედავად”, – აღნიშნა როსტომ ჩხეიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები