გია ვოლსკი – უკრაინის ელჩის გაწვევაზე: კითხვა ჩნდება, ზელენსკის მიერ არის ეს გადაწყვეტილება მიღებული, თუ ამ უმძიმესი ვითარებით ისარგებლა ვიღაცამ

“კითხვა ჩნდება, ზელენსკის მიერ არის ეს გადაწყვეტილება მიღებული თუ ამ უმძიმესი ვითარებით ისარგებლა ვიღაცამ და პროვოკაცია მოახდინა ჩვენი და უკრაინის დაპირისპირების ელემენტის შემოტანით”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას.

მისივე თქმით, კონსულტაციებისთვის ელჩის გაწვევა კითხვებს აჩენს.

„მე დარწმუნებული ვარ, ამ კონსულტაციების დროს განიხილება შემდეგი ფაქტორი – საქართველოს ათასობით მოქალაქე აგროვებს სისხლს და კიდევ გროვდება დამატებითი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელი ხალხისთვის. საქართველო იმყოფება ტანკის ლულის სამიზნე მდგომარეობაში და ათასობით მოქალაქე არის მძევალი დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეკონომიკურ სანქციებზე საუბრებამდე ჩვენ შეგვიძლია, ვილაპარაკოთ მძლავრ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, რაც ყველა საერთაშორისო ფორუმზე გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ მარტო, სხვა პოლიტიკური სუბიექტების და დელეგაციების წარმომადგენლების გარეშე. ამ ვითარებაში გაწვევა ელჩის მაშინ, როცა ჩვენი ელჩი იქ არის ტყვიების ქვეშ, დამატებით კითხვებს წარმოშობს და დიდი იმედი მაქვს ამ კონსულტაციების დროს გაეცემა ყველაფერს ამომწურავი პასუხი. კითხვა ჩნდება, ზელენსკის მიერ არის ეს გადაწყვეტილება მიღებული თუ ამ მძიმე მდგომარეობაში შექმნილი ვითარებით ისარგებლა ვიღაცამ, პროვოკაცია მოახდინა ჩვენი და უკრაინის დაპირისპირების რაღაც ელემენტის შემოტანით. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი უკრაინა არ შეიძლება, რამე პოლიტიკურ კამათებში ჩავრთოთ ან ჩვენ ჩავერთოთ მის მიმართ, პირიქით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი – იგორ დოლგოვი გაიწვია. როგორც მან აღნიშნა, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდება იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ ხელი შეუშალა ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას, ხოლო სანქციების დაკისრების საკითხზე ჰქონდა „ამორალური პოზიცია“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები