რიმა ბერაძე: უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს, მთელ დასავლურ სამყაროსთან ერთად
„მინდა, უკრაინასა და უკრაინელ ერს მშვიდობა ვუსურვო. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ომი, უკრაინაში ახლა მიმდინარეობს ბრძოლა თავისუფალ სამყაროსა და ბოროტების იმპერიას შორის. ამ ომის დასასრული შეცვლის ამჟამინდელ მსოფლიო წესრიგს. უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს, მთელ დასავლურ სამყაროსთან ერთად. მშვიდობასა და გამძლეობას ვუსურვებ მათ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რიმა ბერაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს, როცა ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება უკრაინის ომით დაიწყო, და ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რა დიდი მნიშვნელობა აქვს პატარა ერების მხრიდან, კარგად გააზრებული, სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმას. „რეალობა ისაა, რომ არ გადარდებთ ომი უკრაინაში, თქვენი მიზანია ეს ტრაგედიაც თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ, და ბოლოს და ბოლოს, დაიბრუნოთ ნანატრი ძალაუფლება.”, მიმართა რიმა ბერაძემ ოპოზიციას. მისი თქმით, რუსეთი ევროპაში უკრაინის ომით არ შემოსულა, არც 2008 წლის ომი იყო მისი პირველი ექსპანსია – ის, მრავალი წელია თავს დასტრიალებს საქართველოს და მისი ინტერესების გაძლიერება მაშინ დაიწყო, როცა ნაციონალურმა მოძრაობამ რუსეთისათვის სტრატეგიული ობიექტების მიყიდვა დაიწყო.
„თქვენ მოუმზადეთ ნიადაგი აგრესორს და მასზე დამოკიდებული გაგვხადეთ. რუსეთი დამპყრობელი და ოკუპანტია, მაგრამ თქვენც არანაკლები ნგრევა მოგაქვთ ჩვენი ქვეყნისთვის!”, – მიმართა მან ოპოზიციის წარმომადგენლებს. მისივე განცხადებით, ის მხარდაჭერა, რომელსაც რუსთაველის გამზირზე ქართველი ხალხი ყოველ საღამო გამოხატავს, არის მხარდაჭერა უკრაინელი ერის ტრაგედიისადმი და როგორც კი ის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ პროტესტად გადაიქცევა, იქ მხოლოდ ოპოზიციის პარტიული აქტივი დარჩება.