თეონა აქუბარდია: დღეს მნიშვნელოვანია ეროვნულ ინტერესებზე ლაპარაკი და ერთიანი ნაბიჯების გადადგმა
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფის” წევრმა, თეონა აქუბარდიამ პლენარულ სხდომაზე კოლეგებს მიმართა: „ერთიანობის დემონსტრირება არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დემონსტრირება, არამედ – ერთიანი ნაბიჯების გადადგმა”.
„საქართველოს ეროვნული ინტერესი არ არის ომის თავიდან აცილება, საქართველოს ინტერესია ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უზრუნველყოფა, დემოკრატიის განმტკიცება და ნატო და ევროკავშირი. სწორედ იმიტომ, რომ ეს არის ეროვნული ინტერესი და არა ინტერპრეტირებული განცხადებები ომის თავიდან აცილებასთან მიმართებით.
გეტყვით, რომ გუშინ „ალდეს” ევროპულ ოჯახში, ყველაზე დიდ ლიბერალურ გაერთიანებაში პირველად მოხდა ერთობლივ განცხადებაში უკრაინასთან მიმართებაში ჩაიწერა მკაფიო ტექსტი, რომ უკრაინასთან ერთად საქართველოს და მოლდოვას დაჩქარებულად ევროკავშირში გაერთიანება უნდა მოხდეს და ამას ხელს აწერენ როგორც ევროპარლამენტარები ასევე ევროპული ლიბერალური პარტიები და ეს იყო ჩვენი გამარჯვება, ეს იყო უპრეცედენტო ჩანაწერი, რაც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ამ პარლამენტში.
მე მივმართავ ჩვენს მოსახლეობას, რომელსაც შეუძლია ამ მიმართულებით პოლიტიკოსების გაძლიერება, შემოუერთდნენ პეტიციას, რომელიც არის გავრცელებული, რათა დავანახოთ დასავლეთს და ქვეყნის შიგნით ყველას, რომ ჩვენ გვსურს ევროკავშირის წევრობა, დღეს საქართველოში ჩვენ უნდა ვიყოთ პოლიტიკოსები სადაც არა რუსულ საქმეს, არამედ ქართულ საქმეს უნდა ვაკეთებდეთ. ვიმსჯელოთ, იმისთვის, რომ საქართველოს სუვერენიტეტი გადარჩეს”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.