ირაკლი კობახიძე – უკრაინის ელჩის გაწვევაზე: ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად მიუღებელი და გაუმართლებელია
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება გაუმართლებელია.
„ამ ვითარებაში, როცა უკრაინა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ჩვენი მეგობარი ხალხი არის უმძიმეს მდგომარეობაში, ჩვენ ყველაფერს ვცემთ პატივს და ბუნებრივია, არასწორია ასეთ დროს გავაკრიტიკოთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს უნდა დავაფიქსიროთ, რომ ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად მიუღებელი და გაუმართლებელია, მათ შორის, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც საქართველომ გასული დღეების განმავლობაში გააკეთა. არ იყო არც ერთი პლატფორმა, არცერთი ფორუმი, ევროსაბჭო, ეუთო, გაერო, სადაც პრინციპულად დადგა საკითხი უკრაინასთან დაკავშირებით, მათ შორის, სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ყველგან საქართველომ ქმედითი ნაბიჯებით გამოხატა საკუთარი პოზიცია”, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი – იგორ დოლგოვი გაიწვია. როგორც მან აღნიშნა, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდება იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ ხელი შეუშალა ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას, ხოლო სანქციების დაკისრების საკითხზე ჰქონდა „ამორალური პოზიცია“.