ნინო ლაცაბიძე: რუსთავის მეგობარი უკრაინული ქალაქებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას ვიწყებთ, მე მინდა, მოგიწოდოთ ყველას – გავერთიანდეთ უკრაინისთვის!
რუსთავის მუნიციპალიტეტი უკრაინის დამეგობრებული ქალაქებისთვის ჰუმანიტარული დახმარებას გაწევას იწყებს. ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
,,რუსთავს უკრაინის ქალაქებთან: ივანო ფრანკოვსკთან, ჩერკასთან ხმელნიცკთან, ვინიცასთან, კრივოი როგთან განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებს. დღეს ეს ქალაქები განსაცდელის წინაშე დგანან და მათ ესაჭიროებათ ჩვენი დახმარება.
ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ამ ქალაქების წარმომადგენლებთან და ჰუმანიტარული აქციაც მათი საჭიროებების მიხედვით იგეგმება.
ჰუმანიტარულ აქციას დღეიდან ვიწყებთ. მეგობარი უკრაინული ქალაქების დასახმარებლად, მერის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი იქნება სახსრები უკრაინელი ხალხისთვის პირველადი მოხმარების აუცილებელი ნივთების შესაძენად.
აქციაში ჩართვისკენ მოვუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესს, ყველა რიგით რუსთაველს.
ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ქალაქის მერია საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.
მე მინდა, მოგმართოთ ყველას, გავერთიანდეთ უკრაინისთვის!”, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
რუსთავის მერიის მიერ ორგანიზებულ ჰუმანიტარულ აქციაში ჩართვის მსურველებმა დეტალური ინფორმაციის მისაღებად უნდა დარეკონ მერიის საინფორმაციო ნომერზე – 13 00.