ზურაბ აზარაშვილი: უკრაინის საელჩოსა და უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს
“მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს უკრაინის საელჩოსა და უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროსთან. თუ საჭიროება იქნება, ქვეყანაში საკმარისი სისხლის მარაგია და გაგზავნას უზრუნველვყოფთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინაში სისხლის გაგზავნის საჭიროება ამ დროისთვის არ დგას.
„გვქონდა კომუნიკაცია უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის უწყებასთან. ვკითხეთ, თუ არის სისხლის მიწოდების საჭიროება, რაზეც მათ განაცხადეს, რომ ამის საჭიროება დღეს არ დგას. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ ჩვენი არსებული მარაგებიდან ერითროციტების გარკვეული მასა მაინც გავაგზავნეთ ტვირთთან ერთად უკრაინაში. ის ათეულობით უკრაინელს დაეხმარება, თუ ამის საჭიროება ექნებათ. ბევრი კითხვა იყო სისხლის ჩაბარებასთან დაკავშირებით. ჩვენ მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ადგილობრივ უკრაინის საელჩოსთან და უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროსთან. თუ ამის საჭიროება იქნება ქვეყანაში არის სისხლის საკმარისი მარაგია და ამის გაგზავნასაც უზრუნველვყოფთ”, – განაცხადა მინისტრმა.