უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი ორგანიზაციაში განხილვის საგანი იქნება, – ამის შესახებ ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა, შარლ მიშელმა ტელეარხ BFM-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით დებატები ნებისმიერ შემთხვევაში გაიმართება.
„ეს არის დებატები, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში გაიმართება. ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან ძლიერი შეთანხმება უკრაინასთან, რომლის განხორციელებაც უნდა დაჩქარდეს. ეს გააძლიერებს ჩვენს ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირებს“, – განაცხადა მიშელმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ევროსაბჭოს წარმომადგენლები ამ საკითხს მაღალ დონეზე განიხილავენ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირს უკვე აქვს ძალიან ძლიერი ასოცირების შეთანხმება უკრაინასთან, რომელიც შეიძლება, გაძლიერდეს.