სალომე ზურაბიშვილი: საჭიროდ მიმაჩნია, ნებისმიერ ფორმატში, ყველამ ერთად გამოვხატოთ, რომ ვდგავართ მთელი ერი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მშვიდობის მხარეს
“საჭიროდ მიმაჩნია, ნებისმიერ ფორმატში, ეს იქნება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა თუ გაფართოებული უსაფრთხოების საბჭო, გამოვხატოთ ყველამ ერთად, რომ ვდგავართ მთელი ერი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მშვიდობის მხარეს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, ქართველი ხალხის, პოლიტიკური სპექტრის ერთიანობა მნიშვნელოვანია.
“მინდა, მივმართო ჩვენს მოსახლეობას, პოლიტიკურ სპექტრს, უმრავლესობას თუ ოპოზიციას და მთავრობას, დღეს, როგორც არასოდეს, ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის აუცილებელია ეროვნული თანხმობა და ერთსულოვნება. ძალა ერთობაშია. საჭიროდ მიმაჩნია, ნებისმიერ ფორმატში, ეს იქნება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა თუ გაფართოებული უსაფრთხოების საბჭო, გამოვხატოთ ყველამ ერთად, რომ ვდგავართ მთელი ერი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მშვიდობის მხარეს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.