სალომე სამადაშვილი: რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები ახალი რეალობაა
“რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმი, რომელიც შემოღებულია აშშ-ის, ევროკავშირის, ნატო-ს წევრი სახელმწიფოების და დასავლეთის ქვეყნების მიერ, არის ახალი რეალობა”, – ამის შესახებ „ლელოს” დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დღის წესრიგში დგას მნიშვნელოვანი საკითხი, როგორ პოზიციონირებას ახდენს საქართველოს ხელისუფლება სანქციების რეჟიმთან მიმართებით.
„რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმი, რომელიც შემოღებულია აშშ-ის, ევროკავშირის, ნატო-ს წევრი სახელმწიფოების და დასავლეთის ქვეყნების მიერ, არის ახალი რეალობა და ცხადია, ჩვენი ქვეყნის წინაშე, დღის წესრიგში დგას ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, როგორ პოზიციონირებას ახდენს საქართველოს ხელისუფლება სანქციების რეჟიმთან მიმართებით. საქართველოს, როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელმომწერ ქვეყანას, აქვს ყველა შესაბამისი ფორმალური ბერკეტი იმისთვის, რომ შეუერთდეს ევროკავშირის ყველა გადაწყვეტილებას, რაც უკავშირდება ერთიანი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ამიტომ განაცხადი, რომ საქართველოს არ აქვს შესაბამისი ბერკეტები, არის ტყუილი. გარდა ამისა, ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს გადაწყვეტილებაა, თუ რა სანქციების რეჟიმს განახორციელებს სხვა ქვეყანასთან მიმართებით, ამიტომ, ფორმალურად არანაირი დაბრკოლება არ არსებობს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელზეც უნდა იმსჯელოს ქვეყანამ, მათ შორის, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კონსულტაციების შედეგად, ღირს თუ არა ამ გადაწყვეტილების მიღება, იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც დღეს არის. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს”,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.