შალვა პაპუაშვილი: 101 წლის წინ დაწყებული ბრძოლა დღემდე არ დასრულებულა და არ დასრულდება მანამ, სანამ ჩვენი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია

„101 წლის წინ დაწყებული ბრძოლა დღემდე არ დასრულებულა და არ დასრულდება მანამ, სანამ ჩვენი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია, სანამ ყველა არ აღიარებს საქართველოს თავისუფლებას, მის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას – შესაბამისად, ეს ბრძოლა, ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ჩვენი თაობის ბოლომდე მისაყვანია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის სასახლეში 1921 წლის 23 თებერვალს, რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნა. პარლამენტის სასახლის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინა. პანაშვიდის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა იუნკერთა საფლავები და მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს.

შალვა პაპუაშვილმა, სალომე ზურაბიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დღევანდელი დღე ტრაგიზმისა და სიამაყის ნაზავია. მისივე თქმით, 101 წლის წინ დაწყებული ბრძოლა დღესაც არ დასრულებულა. „ეს იყო ტრაგედია, მაგრამ ამავე დროს, ვართ ამაყები, როდესაც იმ სიმტკიცეზე, სიმამაცესა და სულის გაუტეხლობაზე ვფიქრობთ, რომლითაც ახალგაზრდა იუნკერები დიდ არმიას არ შეუშინდნენ, შეებრძოლნენ და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაიცვეს საკუთარი სამშობლო. ამ ბრძოლაში, რომელშიც ჩვენ გმირ ჯარისკაცებს გვერდში ედგნენ ჩვენი გმირი ქალები. სწორედ ამ დღეებში დაიღუპა მარო მაყაშვილი, რომელიც პირველი ქალია, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ეს ბრძოლა, იქნებოდა ეს იაღლუჯასთან, კოჯორთან, ტაბახმელასთან, მართალია, 101 წლის წინ იყო, მაგრამ ის დღემდე არ დასრულებულა. ეს ბრძოლა არ დასრულდება მანამ, სანამ ჩვენი ქვეყნის ნაწილი არის ოკუპირებული, მანამ, სანამ ყველა არ აღიარებს საქართველოს თავისუფლებას, მის სუვერენიტეტს, მის ტერიტორიებს. შესაბამისად, ეს ბრძოლა, ჯერ კიდევ მიმდინარეობს და არის ჩვენი თაობის ბოლომდე მისაყვანი”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და იუნკერების შთამომავლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები