იაგო ხვიჩია: უკრაინასა და საქართველოს ორივეს ქრონიკული დაავადება გვაქვს, რომელსაც რუსეთი ჰქვია და ჯერ ვერაფერს ვუშვრებით
უკრაინას და საქართველოს იდენტური მდგომარეობა აქვს, ორივეს გვაქვს ქრონიკული დაავადება, რომელსაც ჰქვია რუსეთი, – ამის შესახებ “გირჩის” წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი შეფასებით, პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგას, იმ წარსულიდან გამოსვლაა, რომელიც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას ერთმანეთთან აკავშირებს.
„უკრაინას და საქართველოს იდენტური მდგომარეობა აქვს, ორივეს გვაქვს ქრონიკული დაავადება, რომელსაც ჰქვია რუსეთი, ვერაფერს ვუშვრებით ჯერჯერობით და არც განკურნების წამალია მოგონილი, ამიტომ, უნდა ვისწავლოთ ამ დაავადებასთან თანაცხოვრება ისე, რომ მინიმალური ზიანი მივიღოთ და მომავალში შევძლოთ განკურნება.
პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა მივხედოთ საკუთარ თავს ჩვენი ქმედებებით, იქნება ეს ეკონომიკა, სასამართლო, თუ ჩვენი ცხოვრების წესი, უნდა გავიდეთ რუსეთის ფედერაციიდან და იმ წარსულიდან, რაც ერთმანეთთან გვაკავშირებს ჩვენ და რუსეთის ფედერაციას, მგონი, ეს არის გამოსავალი”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მისი თქმით, საქართველოს ქმედებები სინქრონში უნდა იყოს პარტნიორების გადაწყვეტილებებთან.
“ჩემთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია დასავლეთის და თავად უკრაინის პოზიცია იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ. ჩვენი ქმედებები სინქრონში უნდა იყოს ჩვენს პარტნიორებთან”, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.