მაია ბუწაშვილი: მეხსიერების დაქვეითება ერთ-ერთი პოსტკოვიდური სიმპტომია – ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში, თუ დინამიკა არის უარყოფითი, უმჯობესია სპეციალისტის კონსულტაცია
კოვიდის გადატანის შემდეგ მეხსიერების დაქვეითება ერთ-ერთი წამყვანი სიმპტომია. ხანგრძლივობა ზოგჯერ ძალიან დიდია, შეიძლება, თვეები გაგრძელდეს. ნებისმიერ შტამს ახასიათებს ეს. ამაზე რაიმე სპეციფიკური მკურნალობა არ ინიშნება. დრო უნდა და თანდათანობით უნდა გაუმჯობესდეს, თუმცა, თუ დინამიკა პოზიტიური არ არის და ძალიან შემაწუხებელია, მაშინ ალბათ საჭიროა ნევროლოგის კონსულტაცია, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „იმედის დღეში“ განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი პოსტკოვიდური გამოვლინების დროს, თუ არ შეიმჩნევა მდგომარეობის გაუმჯობესების ტენდენცია, საჭიროა სპეციალისტთან კონსულტაცია.
„ნებისმიერი პოსტკოვიდური სიმპტომის შემთხვევაში უნივერსალური არის წესი ის, რომ, თუ დინამიკა არის უარყოფითი, არ არის ოდნავი გაუმჯობესებაც კი და მდგომარეობა უარესდება, მაშინ ჯობს სპეციალისტის კონსულტაცია. განსაკუთრებით ხშირი არის ხოლმე გულის მხრივ გართულებები, არის გულ-მკერდის არეში დაწოლა, ტკივილი და თუ ეს არ უმჯობესდება მდგომარეობა, უნდა მიმართონ კარდიოლოგს და სხვათა შორის კარდიოლოგები აღნიშნავენ, რომ ძალიან გახშირებულია მათთან მომართვიანობა“, – აღნიშნა ბუწაშვილმა.