კარლ ჰარცელი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ საჭიროა განსაკუთრებულად ფრთხილი და გამჭვირვალე დამოკიდებულება, რაც ჩვენ ვერ დავინახეთ
“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის ფუნდამენტური ინსტიტუტი კონტროლის და ბალანსის უზრუნველსაყოფად და მის მიმართ საჭიროა განსაკუთრებულად ფრთხილი და გამჭვირვალე დამოკიდებულება, რაც ჩვენ ვერ დავინახეთ”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ირგვლივ განვითარებული მოვლენები შემაშფოთებელია.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის ფუნდამენტური ინსტიტუტი კონტროლის და ბალანსის უზრუნველსაყოფად და მის მიმართ საჭიროა განსაკუთრებულად ფრთხილი და გამჭვირვალე დამოკიდებულება, რაც ჩვენ ვერ დავინახეთ გასული წლის ბოლოს და რაც შემაშფოთებელია ჩვენთვის, რადგან ფუნდამენტურად აუცილებელია, რომ მსგავს ინსტიტუტს შესაბამისად ფუნქციონირების საშუალება ჰქონდეს. ეს არის ინსტიტუტი, რომელშიც ევროკავშირმა დიდი ძალისხმევა და ფინანსები ჩადო, იმისთვის, რომ მისი გაძლიერებისთვის შეგვეწყო ხელი. ამასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა არა მხოლოდ ევროკავშირმა, არამედ შეერთებულმა შტატებმაც, გაერო-მ, ევროპის საბჭომ”, – განაცხადა ელჩმა.