კობახიძე: არის დეტალები, რომლებიც უკავშირდება „ნაცმოძრაობისა“ და გახარიას ალიანსს, რომელიც ბევრად ადრე წარმოიშვა, ვიდრე გახარია ჩვენი პოლიტიკური გუნდიდან გავიდოდა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობასა” და გახარიას შორის კავშირები იმაზე ადრე წარმოიშვა, ვიდრე ექსპრემიერი ყოფილ პარტიას დატოვებდა.

მისი თქმით, ამ დეტალებს საზოგადოებას მალე გააცნობენ.

“არის დეტალები, რომლებიც უკავშირდება „ნაცმოძრაობისა“ და გახარიას ალიანსს, კავშირებს, რომელიც ჯერ კიდევ ბევრად ადრე წარმოიშვა, ვიდრე გახარია ჩვენი პოლიტიკური გუნდიდან გავიდოდა. ერთი ის, რომ ალიანსი არსებობს „ნაცმოძრაობასა“ და გახარიას შორის, ამაზე კითხვის ნიშნები მთლიანად მოხსნილია და თავადვე დაადასტურეს ოფიციალური კოალიციით. ეს ალიანსი მათ უკვე ოთხ მუნიციპალიტეტში გააფორმეს. არის დეტალები, რომლებიც უკავშირდება ამ ალიანსს, კავშირებს, რომელიც ჯერ კიდევ ბევრად ადრე წარმოიშვა, ვიდრე გახარია ჩვენი პოლიტიკური გუნდიდან გავიდოდა და ძალიან ბევრი დეტალი, ნიუანსი შესაძლოა იყოს საინტერესო საზოგადოებისთვის. ამ თანამშრომლობის დეტალებზე გვაქვს საუბარი, რასაც საზოგადოებას მოგვიანებით ვაცნობებთ.

შესაძლოა, ეს იყოს დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები. შესაძლოა, ეს იყოს გარკვეული ქმედებები, რომელიც ნაკარნახევი იყო ამ ალიანსით და ასე შემდეგ. მაგალითად, გახსოვთ, რომ ძალიან საეჭვოდ იყო ჩატარებული სპეცოპერაციები იგივე პანკისში, იგივე 20 ივნისსა და ასე შემდეგ. შეიძლება, ამის უკანაც იდგეს „ნაცმოძრაობის“ კვალი და, რა თქმა უნდა, ამ დეტალებს გავაცნობთ საზოგადოებას“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები