გურამ მაჭარაშვილი: რუსთავში ჯაფარიძის პერსპექტივა მაშინ შემცირდა, როდესაც “ნაცმოძრაობამ” დააფიქსირა მისი მხარდაჭერა
რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში ბადრი ჯაფარიძის პერსპექტივა მაშინ შემცირდა, როცა მის მიმართ მხარდაჭერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააფიქსირა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა შუალედურ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პარტიებმა “ნაციონალურ მოძრაობასთან” კოალიციით ბევრი დაკარგეს, მათ შორის, 2020 წლის არჩევნებზეც.
„შეიძლება, რაღაცაზე პარტიები შეთანხმდნენ, მაგრამ ელექტორატი არ შეთანხმდეს, რადგან მკვეთრად განსხვავებული პოზიციები აქვთ. „ლელოს“ მხარდამჭერები ბუნებრივად არ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და პირიქით. ფორმულა, რომ რამდენიმე პარტია ერთ კანდიდატებზე შეთანხმდეს, არჩევნების შედეგებზე პირდაპირ არ აისახება.
გარდა ამისა, ოპოზიციის დიდი ნაწილი ჭკუას მაინც ვერ სწავლობს, რადგან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებით ბევრი წააგეს, მათ შორის, 2020 წლის არჩევნებში. თუ მსგავს ფორმატს გააგრძელებენ, მათი პოლიტიკური მომავალიც ასეთი იქნება“, – დასძინა მაჭარაშვილმა.