ირაკლი შოთაძე: ჩვენი სისხლის სამართლის პოლიტიკა სრულად მორგებულია დაზარალებულების საუკეთესო ინტერესებზე და არცერთი სისხლის სამართლის საქმე არ მთავრდება დაზარალებულების ინფორმირებისა და მათთან კონსულტაციის გარეშე
პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მიზანი დაზარალებულების კმაყოფილების ზრდაა. ჩვენი სისხლის სამართლის პოლიტიკა სრულად მორგებულია დაზარალებულების საუკეთესო ინტერესებზე და არცერთი სისხლის სამართლის საქმე არ მთავრდება დაზარალებულების ინფორმირებისა და მათთან კონსულტაციის გარეშე. ამ მიმართულებით ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რიგი გამოწვევების დასაძლევად საჭირო კონკრეტული მიზნები და გეგმები გაწერილია პროკურატურის ახალ, 6-წლიან სტრატეგიაში – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.
ირაკლი შოთაძის თქმით, ასევე, იგეგმება დაზარალებულებსა და განმცხადებლებთან პროკურორებისა და პროკურატურის მენეჯერების კომუნიკაციის ეფექტიანობის გაუმჯობესება.
„ამ მიმართულებით დაინერგება ფორმატი, რომლის ფარგლებშიც დაზარალებულებს, განმცხადებლებს ექნებათ შესაძლებლობა პროკურორებსა და მენეჯერებთან როგორც უშუალოდ, ისე ონლაინ შეხვედრების გამართვის მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ამ ფორმატის ფარგლებში შეხვედრების შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, იქნება უშუალოდ ჩემთანაც“, – აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.