ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოსა და უკრაინასთან თავდაცვის მინისტრების დონეზე ალიანსის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

ბრიუსელში მიმდინარე, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის მეორე დღე საქართველოსა და უკრაინასთან თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრით დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სესია ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გახსნა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების გამოწვევები ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ერთად განიხილა.

ალიანსის წევრი ქვეყნებისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი. ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და პატივისცემა გამოხატა და რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა საქართველოსა და უკრაინის საერთო გამოწვევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები რისკის ქვეშ აყენებს ქართველი და უკრაინელი ხალხის უსაფრთხოებასა და თავისუფლებას.

მისივე განცხადებით, აღნიშნული გამოწვევების პარალელურად, საქართველო განაგრძობს თავდაცვის სფეროში რეფორმების გატარებას, რათა განავითაროს თავდაცვის შესაძლებლობები და გააუმჯობესოს ურთიერთთავსებადობა ნატო-სთან. სიტყვით გამოსვლისას ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრობა ურყევი სტრატეგიული არჩევანია.

უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის კი, მან ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორების მეტ ჩართულობაზე, ნატო-ს შავი ზღვის სტრატეგიის აუცილებლობასა და ღია კარის პოლიტიკის ფუნდამენტურ პრინციპებზე ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის არსებული მექანიზმებიც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და აშშ-ის მხარდაჭერით, საქართველო ინსტიტუციურ, საწვრთნელ და ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს წარმატებით ავითარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები