მამუკა მდინარაძე: მიუხედავად კარლ ჰარცელისადმი ჩემი პატივისცემისა, მის აზრს უბრალოდ კი არა, კატეგორიულად არ ვეთანხმები
“მიუხედავად კარლ ჰარცელისადმი ჩემი პატივისცემისა, მის აზრს უბრალოდ კი არა, კატეგორიულად არ ვეთანხმები”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ ევროკავშირის ელჩის განცხადებას.
მისივე თქმით, ელჩმა ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე არ იმსჯელა.
„ჩემი აზრით, კარლ ჰარცელის მხრიდან ეს არ იყო სწორი განცხადება. ბატონმა კარლმა არ იმსჯელა იმ ობიექტური კრიტერიუმებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, რაც ამ გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად. უამრავ კარგ საქმეში ეს ადამიანი გვეხმარება, გვერდით გვიდგას, მაგრამ კონკრეტულად ეს გადაწყვეტილება, რომ მას ასეთი განცხადება გაეკეთებინა, იყო არასწორი. არც მიზანშეწონილობაზე ჰქონდა სწორი შეფასება და არც სამართლებრივ საფუძველზე. აქედან გამომდინარე, მას კატეგორიულად არ ვეთანხმები“, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებისთვის – ბადრი ჯაფარიძისთვის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა. მისივე თქმით, ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენონ პარლამენტი, როგორც მთავარი პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის.